ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

24 იანვარი, 2024 • 774
საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს:

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი