ახალი ამბები

რონ დესანტისი რესპუბლიკელთა პრაიმერისს გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი

22 იანვარი, 2024 • 649
რონ დესანტისი რესპუბლიკელთა პრაიმერისს გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებს, იგივე პრაიმერისს, ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესტანტისი გამოეთიშა.

„ჩემთვის ნათელია, რომ რესპუბლიკელთა ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, დონალდ ტრამპს კიდევ ერთი შანსი მისცეს. [..] მე პირობა დავდე, რომ მხარს დავუჭერ რესპუბლიკელთა კანდიდატს და ვიცავ ამ პირობას. მხარს ვუჭერ დონალდ ტრმაპს, რადგან ვერ დავუბრუნდებით ძველი ფორმაციის რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც შეფუთულია კორპორატივიზმით, რომელსაც ნიკი ჰეილი წარმოადგენს“, – ციტირებს დესანტისის გამოსვლას Associated Press.

დესანტისის გამოთიშვის შემდეგ რესპუბლიკელთა პრაიმერისს ორი რეალური კანდიდატიღა შერჩა – დონალდ ტრამპი, – რომელიც გამოთიშვამდე დესანტისს მწვავედ აკრიტიკებდა, თუმცა ახლა მადლობა გადაუხადა და „ბრწყინვალე პიროვნება“ უწოდა, – და ნიკი ჰეილი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც სწორედ ტრამპმა დანიშნა.

ჰეილი, რომელიც მიიჩნევა რესპუბლიკური პარტიის ტრამპის მოწინააღმდეგეთა ფრაქციის წარმომადგენლად, ყოფილ პრეზიდენტს გამოკითხვებში ჩამორჩება. ნიუ-ჰემფშირის შტატის არჩევნებში, რომლებიც ერთ თვეში უნდა გაიმართოს, გამოკითხვების თანახმად, ტრამპს ამომრჩეველთა 52% უჭერს მხარს, ჰეილის კი — 34%. 8% ჰქონდა დესანტისს, რომელმაც მხარი ტრამპს დაუჭირა. ტრამპი სხვა გამოკითხვებშიც საკმაო სხვაობით უსწრებს ჰეილის.

რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში გამარჯვებული საბოლოოდ ზაფხულამდე უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც ის დაუპირსპირდება აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი