ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

15 იანვარი, 2024 • 832
სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. სტალინის აგარაკი, რომელიც რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული, საყოველთაო კუთვნილებაა და ვერ იქნება გადაცემული კერძო პირის ხელში. თანამოქალაქეებს ვთხოვთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და არ აყვნენ იმ ადამიანების პროვოკაციას, ვისაც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ”, – ნათქვამია აფხაზეთის სახელმწიფო აგარაკების მართვის უფროსის, ბესლან კვიწინიას განცხადებაში.

იქამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე საუბრობს იმის შესახებ, რომ 850 ათას რუბლად აუქციონზე სტალინის აგარაკი შეისყიდა, რამაც აფხაზეთში მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია.

რიწის ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სტალინის აგარაკი 1947 წელს აშენდა. ოფიციალური ცნობებით, სტალინი აგარაკზე სულ ხუთჯერ იმყოფებოდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი აგარაკს ნიკიტა ხრუშოვი და ლეონიდ ბრეჟნევი იყენებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი