ახალი ამბები

ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ, დანიის ელჩი საგარეოში დაიბარეს

11 იანვარი, 2024 • 1449
ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ, დანიის ელჩი საგარეოში დაიბარეს

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ელჩი საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ივანიშვილზე ელჩმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ისაუბრა, სადაც წერს საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ.

“პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, დააარსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში 90-იან წლებში დააგროვა. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს, განუწყვეტლივ ბოიკოტის რეჟიმშია პარლამენტში და მთავრობას ადანაშაულებს სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში“, – წერს ელჩი თავის მოსაზრებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი