Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ეს ფილმი ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა” – ანა ძიაპშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”

11 იანვარი, 2024 • 2449
“ეს ფილმი ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა” – ანა ძიაპშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”

“აფხაზეთის თემა არც ამ ფილმით დაწყებულა ჩემთვის და არც დამთავრდება”, – ამბობს ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის “ავტოპორტრეტი ზღვარზე” ავტორი ანა ძიაპშიპა, რომელიც ნეტგაზეთან საკუთარ ფილმზე, აფხაზეთში გადაღებებზე, ქართულ-აფხაზურ ოჯახსა და ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზე გვიამბობს.


თბილისში ფილმის ჩვენებისას მაყურებლის რეაქციები სხვადასხვაგვარი იყო. ფილმის გადაღებამდე თუ გქონდა მოლოდინი, როგორ აღიქვამდა ფილმს/ შენს სათქმელს მაყურებელი? 

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი იყო ამ ფილმზე მუშაობა. ეს ფილმი იყო ერთ-ერთ ნაწილი იმისა, რაზეც სხვადასხვა ფორმატით სულ ვმუშაობდი – აფხაზეთის საკითხი, იდენტობის საკითხი, გაუცხოების საკითხი. ეს ფილმი იყო ერთ-ერთი მედიუმი, სადაც ბევრმა ფიქრმა მოიყარა თავი. ბუნებრივია, ვფიქრობდი, რომ ის ფიქრები, რაც მე მაქვს, არ არის გაბატონებული ნარატივისა და წარმოდგენების ნაწილი ამ კონფლიქტზე. ვიცოდი, რომ კონტროვერსულია, წინააღმდეგობრივია, რადგან აქამდეც მილაპარაკია ამ საკითხებზე, მქონია დისკუსიები, მიმიღია მკვეთრი რეაქციები. მაგრამ როდესაც ფილმს იღებ, ამაზე არ ფიქრობ. ბუნებრივია, გარკვეული პოლიტიკური განზომილება აქვს ამ ფილმს და არც უარვყოფ ამას, მაგრამ ეს არ არის აქტივიზმი. 

ბუნებრივია, მქონდა განცდა, რომ ფილმს ექნებოდა არაერთგვაროვანი გამოხმაურება. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს, რაღაცნაირად ყინულის დაძვრას ჰგავს.  

აფხაზეთის შესახებ ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული ნარატივები ახსენე. შენთვის რა იყო ეს გაბატონებული ნარატივები? 

ის, რომ ეს არის რუსულ-ქართული კონფლიქტი და ხშირად მასში აფხაზებს არც მოიაზრებენ. ჩემი ფილმი უფრო ამაზეა, ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა და იმ აზრთან დაპირისპირებაზე [რაზეც გამსახურდიამ თქვა და ეს ჩემს ფილმშიცაა], რომ აფხაზი ერი არ არსებობს.

შეიძლება ჩემი იდენტობა უფრო ქართულია, ვიდრე აფხაზური, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ის, რომ აფხაზი ერი არსებობს და მას ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანი წვლილი და როლი აქვს და მნიშვნელოვანი მხარეა, ჩემთვის ამის თქმა და გამოკვეთა იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო ქართული ნაციონალიზმის კრიტიკა ამ მიმართულებით – როდესაც 90-იან წლებში მე, როგორც ბავშვი, თავს ვგრძნობდი უცხოდ იმის გამო, რომ ვიყავი აფხაზი. 

იმ დღეს დარბაზშიც მკითხეს, აფხაზები ქართველები არ არიანო? და არა-მეთქი. მეშინოდა ამ პასუხის გაცემაც, არადა მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ აფხაზები არ არიან ქართველები. პირველი დისკუსიაც თითქოს ისე აეწყო, რომ დაემტკიცებინათ ჩემთვის, რა არის სამშობლო. გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც ისეთს შევეხე, რაც მყარად არსებობს ჩვენს ცნობიერებაში და რაც მტკივნეულია ბევრისთვის, მათ შორის ბევრი დევნილისთვის, რომელთა აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, მათი აზრი არ ჰგავს არც ქართულს, არც აფხაზურს. ესაა ხალხი, ვინც მართლა დაკარგა რაღაც. ჩემთვის, მაგალითად, ფუნდამენტური უფლებაა, გქონდეს წვდომა საკუთარ სახლთან, საოჯახო ალბომებთან, ეზოსთან, მეზობლებთან. ამავე დროს, დევნილები ბევრად უფრო არასწორხაზოვნად უყურებენ კონფლიქტს, ვიდრე დანარჩენები. 

თუმცა სამშვიდობო პროცესებში არ ისმის დევნილების ხმა

პირველი ჩვენების შემდეგ ჩემმა ახლო მეგობარმა დევნილმა ილაპარაკა. მისთვის გაჩნდა სივრცე სალაპარაკოდ, რომელიც აქამდე არ ჰქონია. აქ ცხოვრობს უკვე მესამე თაობა დევნილებისა, რომლებიც აქ ჩნდებიან და დღემდე სახლი არ აქვთ ამ სახელმწიფოში, რომელიც მუდმივად დაბრუნებას გპირდება. სახელმწიფოს კი არანაირი წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა მოხდეს დაბრუნება. ჩემი აზრით, ამ ფილმმა დევნილსაც კი გაუჩინა ლაპარაკის სივრცე სახლზე, მიკუთვნებულობაზე და იმაზე, რომ სახელმწიფო მხოლოდ ლოზუნგებით შემოიფარგლება.

როდის გადაწყვიტე ამ თემაზე ფილმის გადაღება?

ამაზე ფიქრი დაიწყო ომის შემდეგ, აფხაზეთში ჩასვლიდან. სახლის კარის გაღებიდან დაიწყო ემოციებისა და შეგრძნებების ამოტივტივება. ვფიქრობდი, რომ მჭირდება რაღაც ფორმით ამაზე ლაპარაკი. ჩადიხარ აფხაზეთში ომის შემდეგ და ხვდები სრულიად სხვა სამყაროს, კონფლიქტის აბსოლუტურად სხვა აღქმით, რომელიც შენამდე არ აღწევს, რადგან მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან უყურებ და დანარჩენი თითქოს პროპაგანდაა. 

იქ ხალხთან ლაპარაკი ჩემთვის საჩუქარი იყო. მერე ხვდები, რომ კონფლიქტს შეიძლება ორი და მეტი მხარეც ჰქონდეს ხანდახან და ყველაფერი შავ-თეთრი არაა. ჩემთვის ამ კონფლიქტში ბევრი რამ არაა შავ-თეთრი. არსებობს კონფლიქტები, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის, რომელიც შავ-თეთრია და ძალიან მარტივია დასანახად. 

აფხაზეთის ომის დროს 10-11 წლის ვიყავი. აგვისტოში იქ ვიყავი, ვისვენებდი. იმის მიუხედავად, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე, მთელ ზაფხულს ბაბუას აშენებულ სახლში ვატარებდით. ხანდახან პარასკევი-შაბათი-კვირაც მამას აფხაზეთში მივყავიდთ ხოლმე. ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო ამ სივრცესთან, მამაჩემის ნათესავებთან კონტაქტი. მხოლოდ ზაფხულში დასვენების სივრცე არ ყოფილა აფხაზეთი. 

მერე უკვე 2013 წელს მოვხვდი აფხაზეთში. თუმცა იქამდე ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, წავსულიყავი. სულ მიზიდავდა და მაინტერესებდა ის, რაც აღარ მახსოვდა. მაინტერესებდა, რატომ მოხდა ეს, რა მოხდა, იქ მცხოვრები ჩემი ნათესავები რას ფიქრობენ ამ საკითხებზე და ა.შ. რაღაცნაირი ლტოლვა მქონდა იმ სივრცის მიმართ, იმიტომ კი არა, რომ ჩემი სახლი ვიპოვო და ვნახო. მანდ ყოფნამ მომცა ინფორმაცია და საფიქრალი, რომ სხვა კუთხით შემეხედა ამ საკითხისთვის. იქამდე რაღაცები ჩემთვისაც წინააღმდეგობრივი იყო.

ფილმზე მუშაობისას აფხაზეთში ჩასვლა ერთხელ მოგიწია მხოლოდ?

ფილმის გადაღების პროცესში სამჯერ ვიყავი აფხაზეთში. თან მარტო ვიღებდი და სხვადასხვა სეზონზე მომიწია ჩასვლა. როდესაც იცი, რომ ფილმს იღებ და იქ უნდა იყო, სხვანაირად უყურებ ყველაფერს. ხშირად ვფიქრობ, რომ ისე მინდა წასვლა, რომ არაფრის გაკეთება მომიწიოს, მაგრამ იმდენად რთულია წასვლა ჩემთვისაც კი, რომ მინდა ყველაფერი წამოვიღო იქიდან და მიღებული ინფორმაცია ღრუბელივით შევიწოვო. 

ანნა ძიაპშიპას ფილმს „ავტოპორტრეტი ზღვარზე” გადაეცა ჟიურის პრიზი ნიონის კინოფესტივალზე

პირველად ჩასვლამდე მოლოდინები თუ გქონდა?

უცნაურია, მაგრამ რაიმე მოლოდინი არ მქონია. ამინდიც კი ვერ შევამოწმე წასვლამდე. ძალიან სპონტანურად წავედი. 

არ გქონია პრობლემა აფხაზეთში ჩასვლაზე?

არა, არანაირი. 

გვარის გამო? 

იმის მიუხედავად, რომ ქართული პასპორტი მქონდა, არ ვიცი მიზეზი – გვარის თუ იმის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს არცერთ მხარეს უბრძოლიათ. 

იქ ვინმე გხვდებოდათ, ალბათ?

კი, მხვდებოდნენ, ყველაფერი მოგვარებული იყო. გაფრთხილებული იყვნენ. წარმოუდგენელი იქნებოდა ფილმზე მუშაობა მათი დახმარების გარეშე. 

თავიდან უნდობლობა იყო ნათესავების მხრიდანაც კი. იყო კითხვები, რა გინდა, რატომ ჩამოხვედი. თუმცა არ შემშინებია ამ უნდობლობის. მეორე ჩასვლაზე მოეშვნენ, მიხვდნენ, რომ არ წარმოვადგენ საფრთხეს. 

მე მხოლოდ მჭირდებოდა ინფორმაციის აღდგენა, რომ ინფორმაცია ყოფილიყო სრულყოფილი. გამთლიანება მინდოდა ჩემი აზრებისა და ფიქრების. 

აფხაზეთში სად რჩებოდი ხოლმე ფილმზე მუშაობისას?

ბიძაჩემის სახლში, მამაჩემის ბიძაშვილთან. აფხაზები არიან. პირველად როდესაც ჩავედი, ბევრი დამხვდა ცოცხალი. შემდეგ, თანდათანობით, ბევრი გარდაიცვალა. უცნაური იყო, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანების უკანასკნელ მომენტებს მივუსწარი და ჩემი ჩასვლით ჩვენ შორის კონტაქტი აღდგა, რაღაც შეივსო. 

ის სახლი, რომლის კარსაც ფილმში აღებ?

ბაბუაჩემის სახლია ის, რომელიც ფილმში ჩანს, ოჩამჩირეშია. სახლში, შესასვლელშივე დღემდე ბაბუაჩემის ფოტო კიდია კედელზე. ბაბუა ომის შემდეგ ავად გახდა სიმსივნით და თბილისში წამოვიდა. ომიდან  ძალიან მალევე გარდაიცვალა. ბებიაჩემი ვეღარ დავტოვეთ იქ მარტო, მით უმეტეს, მეგრული გვარი ჰქონდა. გახდა დევნილი. ომის მერე მხოლოდ ერთხელ იყო აფხაზეთში წასული.

ოჩამჩირეში ჩვენს სახლს ჩვენი აფხაზი მეზობლები, ბაბუაჩემის ძალიან ახლო მეგობრები უვლიდნენ, რომელთაც დღემდე აქვთ გასაღები. სახლს არც ჭურვი მოხვედრია, არც არავინ შეჭრილა, არც გაუქურდავთ. 

ეს სახლი აფხაზეთში ახლა ვინმეს ოფიციალურ საკუთრებაშია?

არც ვიცი, ვის ეკუთვნის ის. ან რისთვის გავარკვიო? ამ სახლის მოსავლელადაც დიდი დრო და რესურსია საჭირო, გაყვანილობები, კანალიზაცია.  იმ სახლში ვერ ვრჩებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი სივრცე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ჩემი გახდეს, ის უფრო რაღაც ძვირფასი სიმბოლოა ჩემთვის.

 თუ იცი, აფხაზეთში ნახეს შენი ფილმი? 

კი, ვიღაცებმა ნახეს. თუმცა მინდა აფხაზეთშიც მოვაწყო ჩვენება, დახურულ სივრცეში, ახლობლებში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის მთავარი გამოწვევა არის იზოლირებული აფხაზური საზოგადოება, რომელსაც არ აქვს სივრცე, განსხვავებულ აზრს მოუსმინოს. ჩვენ გვაქვს ეს ფუფუნება. ბევრად უფრო თამამი და გახსნილები ვართ. 

ფილმში ამბობ, რომ ბაბუის სახლში, კედელზე შენი პორტრეტი დაგხვდა, რომელიც გადააგდე. რატომ? 

არ მახსოვდა ამ პორტრეტის არსებობა, თუმცა, კარი როცა გავაღე, ეგ დამხვდა პირველი. ემოციური იყო, ჩემი თავი, რომელიც გამოკეტილია ამ სახლში, სადაც არავინ ცხოვრობს. არ მომინდა გამოკეტილად დარჩენა და მისი გადაგდება გათავისუფლებასავით იყო.

ფილმში გამოყენებული გაქვს ბევრი საარქივო მასალაც. ერთ-ერთი შენი ქორწილია, სადაც ისმის თამადის სიტყვა, “ჩვენი წილი აფხაზეთი დავიბრუნეთო.” პროტესტის გამო ჩასვი ეს ეპიზოდი?

ეს იყო 2001 წელი. მე პრობლემა მაქვს პათეტიკურ პატრიოტიზმთან. ქალი, აფხაზური გვარით, მონაპოვარი ხარ თითქოს. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაყალიბებდი ჩემშიც, რატომ იყო ეს დისკომფორტი. ცუდს ხომ არ გეუბნებიან, ოჯახის გაერთიანებაზეა საუბარი. მაშინ ჩევულებრივად აღიქმებოდა, დღეს ნაკლებად იტყვის ვინმე ასეთ ფრაზას. 

აფხაზეთში გრძნობდი, რომ სახლში ხარ? 

არა, იქაც მქონდა განცდა, რომ იქაც უცხო ვარ, რომ ვარ აფხაზური გვარის მქონე ქართველი, თბილისელი ქალი. ისეთივე განცდა იყო, როგორც აქ მქონდა 90-იანებში. ალბათ, მართლა ესაა ზღვარზე ყოფნა. 

ფიზიკური სახლი მაქვს თბილისში და მშვიდად შემიძლია ვიყო ჩემს სახლში, რის ფუფუნებაც დღეს ბევრს არ აქვს დევნილობის გამო. მაგრამ უცხოობა ძალიან განგრძობითი განცდაა, რომელიც ბავშვობაში ჩნდება, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კომფორტული, კარგი ბავშვობა მქონდა. გარეთ მაინც ვგრძნობდი ამ გაუცხოებას, გვარის გამო უსიამოვნო ყურადღების ცენტრში ყოფნას. პოზიტიური ყურადღების ქვეშაც ვყოფილვარ, მაგრამ ხანდახან არც ეს გინდა, პირიქით, გინდა დაიცვა თავი და შენს გვარზე არ დაგისვან კითხვები.

დღეს რა შეიცვალა 90-იანების შემდეგ?

დღეს ჩემი აფხაზური გვარი გახდა ძალა, პრივილეგია, რომ შეგიძლია სხვანაირად დაინახო რაღაც. მაგრამ ამას ბავშვობაში ვერ ხვდები. 

ამასწინ მეგობარმა გამახსენა რამდენიმე ფაქტი, რაც დათრგუნული ჰქონდა ჩემს მეხსიერებას. ხატვის მასწვლებელმა დაფასთან გამომიძახა, თან, ხუმრობით, კეთილგანწყობით  – “არძინბა, გამოდი დაფასთანო”. გეძახიან იმ ადამიანის გვარს, ვინც აფხაზეთის ომის დროს მთავარი მტრის ხატია. ამ დისკომფორტის გამო ხანდახან დამიმალავს გვარი და დედაჩემის გვარი მითქვამს. 

2008 წლის ომის დროს ჩემი შვილი გაჩნდა და როდესაც კლინიკიდან სახლში დავბრუნდით, ვნახე, რომ კარზე მამაჩემის გვარზე დედაჩემის გვარია გადაკრული. როგორც ჩანს, ომის დროს ჩემს მშობლებსაც გაუჩნდათ შიში, ტრავმა, რომელსაც მე არ მაჩვენებდნენ და დღემდე არ ულაპარაკიათ ჩემთან ამაზე. 

ფილმის ერთ-ერთ ჩვენებას ეთნიკური აზერბაიჯანელი კაცი ესწრებოდა. მითხრა, ომის ფაქტორის გარეშე, მგონია, ეს ფილმი ჩემზეც არისო, და მაშინ მივხვდი, რას გრძნობდა ეთნიკური უმცირესობა ეროვნული მოძრაობის გაფურჩქვნის ხანაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველაფერი საზეიმო და მნიშვნელოვანი იყო და ამავე დროს იყო ხალხი, ვისთვისაც ეს გადამეტებული ნაციონალიზმი ტრავმის საბაბი გახდა. ეს გაუცხოება არ ჩნდება მხოლოდ გვარის გამო – საზოგადოება გრიყავს როგორც უცხოს, არასრულყოფილ წევრს, გვარის თუ სხვადასხვაგვარი იდენტობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი