ახალი ამბები

პარლამენტის შეზღუდული შესაძლებლობები

20 სექტემბერი, 2010 • 1230
პარლამენტის შეზღუდული შესაძლებლობები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით  პარლამენტის უფლებამოსილება შეზღუდულია მთელ რიგ საკითხებში, რასაც გაუმართლებლად მიიჩნევენ  კონსტიტუციონალისტები ვახტანგ ხმალაძე და ზურაბ ჯიბღაშვილი. მათი მოსაზრებების ნაწილი ემთხვევა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც.

ხმალაძე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების  ალტერნატიული პროექტი მოამზადა. ჯიბღაშვილი კი საზოგადოებრივ კომისიის გარდა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე იმ სახელმწიფო კომისაშიც მუშაობდა, რომლის მომზადებულ ვარიანტსაც მალე პარლამენტი განიხილავს.

ორივე ექსპერტმა ერთობლივი კომენტარები შეიმუშავეს.

რა უფლებები ეზღუდება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციის ახალი პროექტით?

პროექტის 56–ე მუხლის მე–2 პუნქტით,  დეპუტატთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით შესაძლებელია დროებითი და საგამოძიებო კომისიების შექმნა, მოქმედი რედაქციით კი ამისათვის დეპუტატთა ერთი მეოთხედი იყო სავალდებულო. საკონსტიტუციო ცვლილებებით მსგავსი კომიტეტების შექმნის მოთხოვნის კვორუმი მცირდება, თუმცა, ასევე ცვლილებით, გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის დადგენილებით უნდა მოხდეს. პარლამენტის დადგენილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.  

ვახტანგ ხმალაძე  და ზურაბ ჯიბღაშვილი საკონსტიტუციო პროექტის კომენტარებში წერენ, რომ კვორუმის შემცირება კომისის შექმნისას მნიშვნელოვან ზეგავლენას არ იქონიებს, რადგან კომისიის შექმნა საპარლამენტო უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული:

 ,,თუ უმრავლესობა არ მოისურვებს კომისიის შექმნას, იგი არ შეიქმნება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კომისიის შექმნას დეპუტატთა მეოთხედი მოითხოვს, თუ მეხუთედი’’.

დრობითი და საგამოძიებო კომისიების შექმნას კი, ხმალაძე და ჯიბღაშვილი საპარლამენტიო კონტროლის განხორციელების, ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხებისა და სათანადო გადაწყვეტილებების  მომზადების ქმედით საშუალებად მიიჩნევენ, რომელშიც  დიდი როლი  საპარლამენტო ოპოზიციას ეკისრება.

ამ პუნქტს ვენეციის კომისის პოზიტიურად აფასებს.   ,, პარლამენტის იმ  წევრთა რაოდენობის შემცირება, რომელთაც სურთ დროებითი საპარალამენტო კომისიის შექმნა, ხელს შეუწყობს პატარა ოპოზიციური პარტიების როლის გაზრდას’’, ნათქვამია  კომისიის რეკომენდაციებში.

კონსტიტუციის 61–ე მუხლის მე–2 პუნქტის შეცვლით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. ეს შესწორება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც იყო. ხმალაძე და ჯიბღაშვილი  მუხლში ამგვარ ჩამატებას ლოგიკურს უწოდებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე სესიების მოწვევის უფლება პარლამენტის თავჯდომარეს უნდა ჰქონდეს, რადგან პარლამენტის რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევა ისეთ საკითხთა გადაწყვეტის ქმედითი საშუალებაა, რომელთა გადასაჭრელადაც  დრო არ ითმენს და რომლებიც პარლამენტის გარეშე ვერ გადაწყდება.

,,სხდომის მოწვევის უფლება უნდა ჰქონდეს პარლამენტს, კონკრეტულად – პარლამენტის თავჯდომარეს. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, ლოგიკის საწინააღმდეგოდ ეს უფლება პრეზიდენტს ეკუთვნის’’, – ნათქვამია კომენტარებში.

საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციის ახალი პროექტით, ვერ შეძლებს პრეზიდენტს მიმართოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების მიზნით.  ამის უფლებამოსილება კონსტიტუციით მხოლოდ მთავრობასა და თავად პრეზიდენტს ექნება (65–ე მუხლს ემატება პუნქტი 1). პარლამენტი კი უფლებამოსილი იქნება მხოლოდ დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მისთვის წარდგენილ წინადადებას.

ხმალაძესა და ჯიბღაშვილს საკონსტიტუციო პროექტის კომენტარებში კონსტიტუციის 48–ე მუხლი მოჰყავთ, რომლის თანახმად ,,პარლამენტი განსაზღვარავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას’’ და განმარტავენ, რომ ზემოთმოყვანილი წესი შეზღუდავს პარლამენტის,  ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

ამ საკითხზე ყურადღებას ვენეციის კომისიაც  ამახვილებს. თუ პრეზიდენტი აღარ განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ვენეციის კომისიისათვის, გაუგებარია, თუ რატომ ინარჩუნებს ის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისა და უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებების კომპეტენციას.

 ,,პარლამენტს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის წარდგენით, არამედ საკუთარი ინიციატივითაც განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება… ჩვენი აზრით, სრულიად გაუმართლებელი და არალოგიკურია ამ უფლების დანაწილება პრეზიდენტსა და მათვარობას შორის’’, – ფიქრობენ ჯიბრაშვილი და ხმალაძე.

კონსტიტრუციის 67–ე მუხლის შესწორებასთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტებს ორი შენიშვნა აქვთ. ერთი ეხება იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება შეუზღუდავად ენიჭება, როდესაც ეს უფლება მას მოქმედი კონსტიტუციით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში  შეუძლია გამოიყენოს (მუხლი 67, პუნქტი 2) და მეორე, პარლამენტმა პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, მათივე მოთხოვნით, რიგგარეშე უნდა განიხილოს (მუხლი 67, პუნქტი 2).

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიას ეს ჩასწორება მისაღებად მიიჩნია, ხმალაძისა და ჯიბღაშვილის აზრით, გაუმართლებელია ამ შეზღუდვის გაუქმება. ისინი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პრეზიდენტს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.  მათი შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივისა და ვეტოს უფლების თანაარსებობა ხელს უწყობს საკანონმდებლო სივრცეზე ერთგვარი მონოპოლიის დამყარებას და, შესაბამისად, პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილების შეზღუდვას, რაც ამ ორ ინსტიტუტს შორის  წონასწორობის დარვევას იწვევს.

წონასწორობის დარღვევის საფრთხეს  კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ისიც აძლიერებს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტისა და მთავრობის მოთხოვნით რიგგარეშე უნდა განიხილოს მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

,,ეს ვალდებულება შეიცავს საკანონმდებლო ინიციატივის ბოროტად გამოყენების რისკს. მაგალითად, ამ უფლების მეშვეობით მთავრობა შეძლებს ხელი შეუშალოს პარლამენტის გეგმით გათვალისწინებულ იმ კანონის მიღებას, რომლის მიღებაც მას არ სურს’’.

საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ  პარლამენტი წყვეტდეს დააკმაყოფილოს თუ არა საკანონმდებლო ინიციატივისა და კანონპროექტის რიგგარეშე განხილვის მოთხოვნის უფლება, ნათქვამია კომენტარებში.

 თუ კონსტიტუციის ახალი პროექტი ამგვარი სახით ამოქმედდება, საქართველოს პარლამენტს აღარ ექნება უფლება კითხვით მიმართოს ქალაქის მერსა და ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელებს, რასაც მოქმედი კანონმდებლობით 59–ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს.

ხმალაძისა და ჯიბღაშვილისათვის გაურკვეველია, თუ რატომ უქმდება ეს უფლება, რადგან, მათივე გამარტებით, თვითმართველი, ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერება, ან მათი დათხოვნა სწორედ პარლამენტის თანხმობით ხდება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით,  ამავე მუხლის მე–3 პუნქტით ,,პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობით პრემიერ–მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი’’.  მოქმედი კონსტიტუციით ეს მუხლი პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხსაც ითვალისწინებს, რადგან  ,,თუ პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში, იგი ორი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას’’. თუმცა ეს ჩანაწერი  ახალ პროექტში აღარ გვხვდება, რაც გაუგაბრად მიაჩნიათ ,,საკონსტიტუციო პროექტის კომენტარების’’ ავტორებს:  ,,თუ პარლამენტი დასვამს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს, პასუხის გაცემის ვალდებულება არ უნდა არსებობდეს?’’

მათი შეფასებით არსებული ნორმაც ნაკლოვანია, რადგან თუ მთავრობის შესაქმნელად და ნდობის საკითხის დასაყენებლად  საკმარისია პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას სრული შემადგენლობის  უმრავლესობა ჭირდება. ”რატომ უნდა სჭირდებოდეს უფრო მეტი ხმა?”- კითხულობენ კომენტარების ავტორები.

,,სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციური ინსტიტუტების თანამშრომლობის, ურთიერთკონტროლის და ურთიერთშეკავების საშუალებები იმდენად მგრძნობიარე და ქმედითი უნდა იყოს, რომ  ხელისუფლების არც ერთ განშტოებას არ მიეცეს საშუალება  დომინანტური მდგომარეობის დაკავებისა და  შესაბამისად, პოლიტიკური ძალმომრეობის შესაძლებლობა’’, – ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტარებში, რომელიც ვახტანგ ხმალაძემ და ზურაბ ჯიბღაშვილმა გამოაქვეყნეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი