ახალი ამბები

როგორ შეუძლიათ პარტიებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა? – ცესკოს ინსტრუქცია

10 იანვარი, 2024 • 751
როგორ შეუძლიათ პარტიებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა? – ცესკოს ინსტრუქცია

ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ცესკოს ცნობით,  პარლამენტის არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

ამ პირობებს, ცესკოს ცნობით, აკმაყოფილებენ წინა არჩევნებზე რეგისტრირებული შემდეგი პარტიები: 

  1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
  2. „ლელო საქართველოსთვის“;
  3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“;
  4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“;
  5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
  6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
  7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“; 
  8. „კანონი და სამართალი“; 
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 
  10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; 
  11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; 
  12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“; 
  13. „პროგრესი და სამართალი“.

თუმცა აღნიშნულმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი