ახალი ამბები

ნიდერლანდების ჯარის მეთაური ქვეყანას რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

29 დეკემბერი, 2023 • 1574
ნიდერლანდების ჯარის მეთაური ქვეყანას რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მარტინ ვაინენი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა და საზოგადოება მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას მათ, წერს „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ გამოცემა NL Times-ზე დაყრდნობით.

როგორც გენერალი ამბობს, ნიდერლანდებმა უნდა მიბაძოს ბალტიის ქვეყნებსა და შვედეთსა და ფინეთს, რომლებიც ან ესაზღვრებიან, ან ახლოს არიან რუსეთის საზღვართან და, შესაბამისად, შესაძლო თავდასხმისთვის უკეთ არიან მომზადებულნი.

„მთელი საზოგადოება უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია მარტო იმიტომ, რომ მათგან 1500 კილომეტრის მოშორებით ვართ“, – ამბობს ვაინენი, რომელიც შემდეგი წლიდან პოსტს ტოვებს.

გენერლის მოსაზრებით, რუსეთი ძლიერდება, რის გამოც კრემლის შესაკავებლად ქვეყნებს ძლიერი ჯარი სჭირდებათ.

„არის მხოლოდ ერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის. ეს ძლიერი ჯარის ენაა“, – ხაზს უსვამს იგი.


ნიდერლანდები, – ნატოს წევრი ქვეყანა, – მთლიანი შიდა პროდუქტის 1,58%-ის ეკვივალენტს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც ნატოს 2%-იან რეკომენდაციაზე დაბალია. გამოცემა GlobalFirePower ნიდერლანდების ჯარს 145-დან 39-ე ადგილზე აყენებს. გენერალ ვაინენის თქმით, ნიდერლანდების ჯარში ამჟამად კადრების დეფიციტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი