ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საჭიროა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

26 დეკემბერი, 2023 • 642
ღარიბაშვილი: საჭიროა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს და ასევე, საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ს. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება.

ღარიბაშვილი, მთავრობისა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩთა 2023-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, შეხვედრები, შეიძლება ითქვას, ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდა“, – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილსაც და განაცხადა, რომ მისი მინისტრობისას „ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით და მას ამ ეფექტური მმართველობისთვის მადლობა ეკუთვნის“.

თავის გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ არაერთხელ გაუსვა ხაზი „ქართული ოცნების“ წარმატებებს მთავრობაში ყოფნის პერიოდში და პროგრესის საილუსტრაციოდ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი მოიყვანა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.  მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  „ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს“. მან ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია“, რაშიც ელჩებს უდიდესი როლი აქვთ.

პაპუაშვილმა რუსული ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ დასრულდეს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციას ვიდეოზარით ჩაერთო ოლივერ ვარჰეიც, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში. მან თქვა: „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის, ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია“. ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარებასა და ხელშეწყობას.

ელჩებისა და მთავრობის წევრების გარდა, კონფერენციას ესწრებოდნენ დეპუტატები და საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. თუმცა კონფერენციას არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი