ახალი ამბები

ჩეხეთში, უნივერსიტეტში სროლის შემდეგ, გლოვის დღე გამოცხადდა

22 დეკემბერი, 2023 • 1029
ჩეხეთში, უნივერსიტეტში სროლის შემდეგ, გლოვის დღე გამოცხადდა

ჩეხეთში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გუშინ, პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებული სტუდენტი შეიჭრა და 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა.

პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ და პრეზიდენტმა პეტრ პაველმა სამძიმარი გამოუცხადეს მოკლულთა და დაშავებულთა ახლობლებს. პრეზიდენტმა მომხდარი რესპუბლიკის ისტორიაში „ყველაზე ტრაგიკულად“ შეაფასა, აღნიშნავს „როიტერსი“.

„როიტერსის“ ცნობით, მსროლელი 24 წლის, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი იყო. ტრაგედიამდე პოლიციას სოცქსელებში შეატყობინეს, რომ იგი პრაღაში მიემგზავრებოდა და სუიციდს გეგმავდა. ამავე შეტყობინებიდან მალევე, მოკლული ნახეს მსროლელის მამა.

პოლიციამ ევაკუაცია დაიწყო იმ კორპუსში, სადაც მსროლელი, წესით, ლექციას უნდა დასწრებოდა, თუმცა იგი ფაკულტეტის ძირითად კორპუსში მისულა.

სამართალდამცავთა ცნობით, მსროლელს ცეცხლსასროლი იარაღი ლეგალურად ჰქონდა შეძენილი და  მარტო მოქმედებდა. დიდი ალბათობით, მან თავი მოიკლა. თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ხომ არ მოკვდა პოლიციელთა მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლით. მსროლელი აგრეთვე ეჭვმიტანილია პრაღასთან მდებარე სოფელში, ტყეში, მამა-შვილის მკვლელობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი