ახალი ამბები

„ჰიუნდაი“ რუსეთში თავის ქარხანას ყიდის. მედიის ცნობით – 300 ლარის ეკვივალენტში

19 დეკემბერი, 2023 • 708
„ჰიუნდაი“ რუსეთში თავის ქარხანას ყიდის. მედიის ცნობით – 300 ლარის ეკვივალენტში

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა „ჰიუნდაიმ“ სანქტ-პეტერბურგში თავისი ქარხნის გაყიდვა გადაწყვიტა.

კომპანიის ცნობით, დირექტორთა საბჭომ შეათანხმა წილის გაყიდვის გეგმა რუსულ კომპანია „არტ-ფინანსთან“. ამავე დროს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, „ჰიუნდაი“ რუსეთში კლიენტების მომსახურებას განაგრძობს.

„მედუზა“ სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ავტოკონცერნმა თავისი წილი 140 ათასი კორეული ვონის სანაცვლოდ დათმო, რაც სამას ლარზე ოდნავ ნაკლებია. იმავეს წერს ზოგიერთი რუსული მედიასაშუალებაც.

„ჰიუნდაის“ ქარხანა სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი უმსხვილესი იყო რუსეთში. იქ აწყობდნენ Hyundai Solaris, Hyundai Creta და Kia Rio მოდელის ავტომობილებს. ქარხანამ მუშაობა შეაჩერა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„ჰიუნდაი“ არაა პირველი უცხოური კომპანია, რომელიც რუსულ აქტივებს სიმბოლურ ფასად გამოემშვიდობა. ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზარი დატოვა ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, ხოლო ხელისუფლებამ მათთვის აქტივების გატანის პროცესი ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი