ახალი ამბები

“ოცნება” დღევანდელ ზეიმზე პრეზიდენტს და “რადიკალურ ოპოზიციას” არ ეპატიჟება

15 დეკემბერი, 2023 • 1443
“ოცნება” დღევანდელ ზეიმზე პრეზიდენტს და “რადიკალურ ოპოზიციას” არ ეპატიჟება

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავი ღონისძიების სცენაზე არაფერი ესაქმება.

როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, ღონისძიების სცენარში, რომელსაც მთავრობა დღეს, 15 დეკემბერს გამართავს, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული არ არის.

„ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელსაც ამას საკუთარ სამშობლოზე ამბობდა, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება. უბრალოდ, ამბავში უნდა, რომ გაერიოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ იქ იყოს. იმპიჩმენტი ჩვენ მას შემთხვევით არ გამოვუცხადეთ, დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად. შესაბამისად, [ღონისძიების] სცენარი როცა დაიწერა, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, ეს არ ვიცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, 14 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უერთდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ზეიმს. ზურაბიშვილის თქმით, მზადაა ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მიიწვევენ -კარგი, თუ არადა ხალხში იქნება.

დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლის სურვილი გამოთქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. თუმცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  რომ ეს იმ ხალხის საზეიმო ღონისძიებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ოპოზიციას და პრეზიდენტს იქ არაფერი ესაქმებათ.

„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ასეთ ადამიანებს, მით უმეტეს, არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე“ ,– ამბობს ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი