ახალი ამბებირეკლამა

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის: ევროპის კარი ღიაა – ახლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!

15 დეკემბერი, 2023 • 655
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის: ევროპის კარი ღიაა – ახლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!

საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, ევროკომისიის  დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსზე დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს ადგილს მის ოჯახში ხედავს. 

კოალიციის წევრი ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა მზაობა, საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში მიიღოს საქართველო მისი დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად. ახლა საქართველოს ჯერია, ევროკავშირი საქართველოსგან ელის ქმედით რეფორმებს!  ახლა, საქართველომ უნდა მიიყვანოს საქმე ბოლომდე! 

“კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართულმა მხარემ დღეიდანვე დაიწყოს ზრუნვა იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც ევროკავშირმა რეკომენდაციის სახით წარუდგინა საქართველოს. ამ რეკომენდაციების გატარებით, ჩვენ დავდგებით უკრაინასა და მოლდოვას გვერდით, რომლებიც გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნით მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ, რათა მალე, ერთად ვიზეიმოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოლოო გამარჯვება“ – განაცხადა დოლიძემ. 

კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის თქმით დღევანდელი მიღწევა აგვირგვინებს იმ ქვეთავს, რომელშიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად იღვწოდა. მისივე განმარტებით ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა საქართველო იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ევროკავშირის წევრობით დაგვირგვინდება. 

„საქართველოს ევროპისკენ სვლის პროცესი ისტორიულად აერთიანებდა ბევრ მხარეს, ბევრი ინდივიდის ხედვას, შრომასა და ღვაწლს, სწორედ ასე ამგვარად, ერთიანი ძალისხმევით, ახლა უნდა გავატაროთ ქმედითი რეფორმები და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე!“ – აცხადებს მელაშვილი. 

კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ევროპული იდეისადმი ერთგულება, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა მიიყვანოს ევროპული საქმე ბოლომდე! 


კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის აერთიანებს 17 საზოგადოებრივ ორგანიზაციას. კოალიციის ფეისბუქ გვერდია: https://www.facebook.com/infointegritycoalition

მასალების გადაბეჭდვის წესი