ახალი ამბები

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

13 დეკემბერი, 2023 • 4070
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

ევროპარლამენტმა 468 ხმით 99-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს, 13 დეკემბერს, გაიმართა, ევროპული საბჭოს სამიტამდე 1 დღით ადრე, სადაც გაფართოების პოლიტიკა უნდა განიხილონ.

გაფართოების პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, რომ  უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

„ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, –  ნათქვამია ევროპარლამენტის  განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან დასავლეთ ბალკანეთის განვითარების ახალ გეგმას და მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, ასევე დაუყოვნებლად მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო, მას შემდეგ, რაც შესრულდება თითოეულ კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებული შესაბამისი მოთხოვნები, რათა სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები.

ამავე რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან სომხეთის მთავრობის სურვილს, დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა დაასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე.

თუმცა, მათი თქმით, წევრობისთვის სწრაფი გზა არ არსებობს და კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შესრულდეს, რათა კანდიდატმა და პოტენციურმა კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ თანმიმდევრული და მტკიცე ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემისა და დაცვისა და ეკონომიკური რეფორმებისადმი.

ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და ქვეყნის პოლიტიკის ცვლილებას კოსოვოს მიმართ. მათი შეფასებით, ორბანის განცხადებები ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი