ახალი ამბები

ფოტოების გადაღების გამო ტურისტები ვენეციური გონდოლიდან წყალში გადავარდნენ

12 დეკემბერი, 2023 • 2885
ფოტოების გადაღების გამო ტურისტები ვენეციური გონდოლიდან წყალში გადავარდნენ

ვენეციაში, ტურისტების ჯგუფით სავსე გონდოლა ამოტრიალდა და მგზავრები ცივ წყალში ჩავარდნენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გონდოლა, რომელშიც ისინი ისხდნენ, მას შემდეგ გადაბრუნდა, რაც არ დაემორჩილნენ გონდოლიერის მითითებას, შეეწყვიტათ ფოტოების (სელფი) გადაღება და დამსხდარიყვნენ.

ისე, რომ მგზავრების დახმარებაც ვერ მოასწრო, წყალში აღმოჩნდა გონდოლიერიც, რომელიც ნავის გადაბრუნების მომენტში მანევრის შესრულებას ცდილობდა: გონდოლა ხიდის ქვეშ შეჰყავდა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ტურისტები ვენეციის გამორჩეული ღირსშესანიშნაობების ფონზე ტელეფონებით ავტოპორტრეტებს იღებდნენ. სწორედ ამ დროს გადაბრუნდა გონდოლა, რაც ერთ-ერთმა ტურისტმა ვიდეოზე გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა.

გარდიანის თანახმად, ვიდეო მალევე გახდა პოპულარული და ის სხვადასხვა პლატფორმაზე არაერთმა ადამიანმა ნახა.

ხიდის ქვეშ გასავლელად გონდოლიერს წონის მაქსიმალური ბალანსი სჭირდებოდა ნავზე.  მაგრამ მგზავრებმა მისი მითითებები არ გაითვალისწინეს, არ დასხდნენ და განაგრძობდნენ ფოტოების გადაღებას.

ინსტაგრამის გვერდმა “ვენეცია დისნეილენდი არ არის” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა ტურისტი უვნებლად გადარჩა. გვერდი ახალგაზრდა ვენეციელებისგან იმართება, რომლებიც ტურისტების იაღლიშებს აღწერენ ხოლმე.

2020 წელს “ვენეციელი გონდოლიერების ასოციაციამ” შეზღუდა დასაშვები წონა გონდოლებზე. მომცრო ნავებზე მგზავრების რაოდენობა 6-დან 5-ზე დაიყვანეს, დიდ ნავებზე კი, 14-დან 12-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი