ახალი ამბები

კობახიძის თქმით, „რუსული კანონის“ მსგავსი კანონის მიღებას აღარ აპირებენ

12 დეკემბერი, 2023 • 1187
კობახიძის თქმით,  „რუსული კანონის“ მსგავსი კანონის მიღებას აღარ აპირებენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსული კანონის“ მსგავსი კანონის მიღებას აღარ აპირებენ.

მისი თქმით, NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობა ყველგან გამოწვევაა და კარგი იქნებოდა, რომ ამაზე კანონი საქართველოსაც მიეღო. თუმცა, კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი აღარ აპირებს ამ კანონის ისევ განხილვას.

„ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავუბრუნდებით ამ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მეტი გამჭვირვალობისთვის და საზოგადოებისთვის. ევროკავშირი აპირებს ზუსტად ანალოგიური, ოღონდ ბევრად მეტად შემზღუდველი კანონის მიღებას ევროკავშირისთვის, რადგან ეს ყველგან გამოწვევაა. NGO-ების გაუმჭვირვალე ფინანსები არის ყველგან გამოწვევა, ეს საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, სახელმწიფო ინტერესებს. ამ საკითხის დარეგულირება იქნებოდა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „აგენტების შესახებ“ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კანონის მიღებას ევროკავშირი გეგმავს. თუმცა, ხუნდაძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ხალხის ძალა“ მის მიერ ინიცირებული კანონის შემობრუნებას გეგმავს, რომელიც მიმდინარე წლის მარტში საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი