თბილისში “შენი ხმა ევროკავშირს” მარში შედგა. 9 დეკემბრის დღის 2 საათზე მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და ევროპის მოედანზე ევროკავშირის გიგანტური დროშის გაშლით დასრულდა.
მარშში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. მსვლელობას ევროპის მოედანზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დახვდა. ორგანიზატორები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.
“8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა”, – ამბობდნენ ორგანიზატორები მარშის გამართვამდე.
ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშისთვის, რომელიც ევროპის მოედანზე გაშალეს მარშის მონაწილეებმა, ყვითელი ვარსკვლავები, სიმბოლურად, სხვადასხვა რეგიონში შეიკერა და საბოლოო სახე დროშამ თბილისში მიიღო. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მიზანი ევროკავშირისთვის პოზიტიური გზით კიდევ ერთხელ თავის შეხსენება იყო.