საზოგადოება

მარშს “შენი ხმა ევროკავშირს” სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა

9 დეკემბერი, 2023 • 1503
მარშს “შენი ხმა ევროკავშირს” სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა

ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ მარშს — “შენი ხმა ევროკავშირს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ის მარშის მონაწილეებს ევროპის მოედანზე დახვდა, სადაც უნდა გაიშალოს ევროკავშირის დროშა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და საქართველოს ეEU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს:

“კომისიამ უკვე თქვა თავისი აზრი და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც არის გამოხატული ამ დონეზე.

[ეს არის] მშვიდობიანი მარში. ადამიანების მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელ ამ პერიოდში სხვადასხვა ინიციატივებით გამოიხატა და ეს არის ბოლო ინიციატივა, რომელსაც ყველანი ვუერთდებით და რომლითაც ჩვენ გამოვთქვამთ სწორედ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროპა”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

„შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დღეს, 9 დეკემბერს მოეწყო. მისი ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა.

მსვლელობის ორგანიზატორები მარშის დაანონსებისას აღნიშნავდნენ, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. კერძოდ, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს, საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი