ახალი ამბები

ნოემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაკადი 86%-ით გაიზარდა

8 დეკემბერი, 2023 • 1051
ნოემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაკადი 86%-ით გაიზარდა

ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების ნაკადი 86%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133 732-მა მგზავრმა ისარგებლა (2022 წლის ნოემბერში 71 746- მგზავრმა).

როგორც აეროპორტების გაერთიანება იტყობინება, მგზავრების ნაკადის გარდა, იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად, 56%-ით გაიზარდა შესრულებული რეისების რაოდენობა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში  417 რეისს მოემსახურა (2022 წლის ნოემბერში — 268 რეისს).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, 11 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 514 280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება (2022 წლის იანვარ-ნოემბერი — 665 732  მგზავრი).

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც.   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4 504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია.

ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წლის 16  დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან  აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3-ჯერ შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი