ახალი ამბები

სები ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

1 დეკემბერი, 2023 • 1722
სები ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის — ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.

ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება.

ეროვნული ბანკის თანახმად, სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს — მას შეუძლია სერტიფიკატის გაყიდვა როგორც მეორად ბაზარზე, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ.

„ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება“, — აცხადებს ეროვნული ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი