ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყოლბაია- შამბას ონლაინ გასაუბრებას სოხუმში შეშფოთება მოჰყვა

1 დეკემბერი, 2023 • 2263
ყოლბაია- შამბას ონლაინ გასაუბრებას სოხუმში შეშფოთება მოჰყვა

YouTube არხზე რუსულენოვან 20- წუთიან ინტერვიუში ჟურნალისტ ვანო ჩოკორაისთან, რომელშიც ერთად მონაწილეობდნენ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა და აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია, სოციალურ ქსელებში აფხაზური საზოგადოების ნაწილში შეშფოთება გამოიწვია.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი და ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ონლაინ ეთერში ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიასთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ამბობს, რომ “ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ და საჭიროა მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობის ძიება”.

გადაცემაში შამბასა და ყოლბაიას ერთობლივ მონაწილეობას “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” ლიდერი თემურ გულია, რომელმაც განაცხადა, რომ შეუძლებელია საუბარი ან რაიმე მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობასთან.

“მე კითხვა გამიჩნდა, სანქცირებული იყო კი ეს ინტერვიუ აფხაზეთის ხელისუფლებასთან?” – ამბობს გულია.

გადაცემაში შამბას მონაწილეობაზე ეხოკავკაზასთან ინტერვიუში  ისაუბრა აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა ასლან ბარციცმაც, რომელმაც თქვა, რომ ახალი რეალიების ფონზე სერგეი შამბა წარსულ დროში, 90-იან წლებში ჩარჩა, საქართველოსთან დიალოგი აფხაზეთისთვის დღეს არაფრის მომცემია.

“მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, რასაც ხშირად ვაწყდები. თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არსებობს პრობლემა, ამაზე, პირველ რიგში, საუბარია საჭირო. არ არსებობენ ერები, მეზობლები, ახლობლები ან თუნდაც ნათესავები, რომელთაც არ უომიათ ერთმანეთში. მთელი ევროპა ამის მაგალითია.

30 წელია, შეგვეძლო უკვე რაღაც მოძრაობების დაწყება ერთმანეთის გასაგებად, თუმცა ეს ძალიან ნელი ტემპით ხდება. ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო შესაძლებლობა, ერთმანეთის პოზიციები მოგვესმინა. ეს ძალიან საჭიროა. მკვდარი წერტილიდან რომ დაიწყოს პრობლემის მოგვარება”, – განაცხადა შამბამ გადაცემაში სტუმრობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი