ახალი ამბები

“ჰამასმა” კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა, კიდევ რამდენიმეს გათავისუფლებას ღამით ელიან

30 ნოემბერი, 2023 • 1738
“ჰამასმა” კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა, კიდევ რამდენიმეს გათავისუფლებას ღამით ელიან

“ჰამასმა” კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა – ფრანგი-ისრაელელი მწერალი 21 წლის მია შემი, რომელიც სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს და 40 წლის ადვოკატი ამიტ სუზანა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ისრაელის განცხადებით, მოგვიანებით  კიდევ მოსალოდნელია 6-8 მძევლის გაშვება. სანაცვლოდ, ისრაელი ამაღამ 30 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. ადვოკატირების პალესტინური ჯგუფის ინფორმაციით, ამ 30 პატიმარს შორის 22 არასრულწლოვანია, 8 კი- ქალი. მეშვიდე დღეა მხარეებს შორის ცეცხლი დროებით შეწყვეტილია.

ზავის გასაგრძელებლად მოლაპარაკებები გრძელდება. ეგვიპტე აცხადებს, რომ კატართან ერთად ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელებაზე მუშაობს.

აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მესამედ იმყოფება და როგორც მანამდე ისრაელის ლიდერებს განუცხადა, სანამ განაახლებენ სამხედრო ოპერაციას, უნდა უზრუნველყონ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელი ომს განაგრძობს მანამ, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება და “ჰამასი” მთლიანად არ განადგურდება.

ხუთშაბათ დილით პიკის საათის პერიოდში იერუსალიმში, ავტობუსის გაჩერებაზე ორმა შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა, 16 დაჭრილია. “ჰამასმა” დაადასტურა, რომ პოლიციისგან მოკლული თავდამსხმელები მისი წევრები იყვნენ.

ამ სამი ადამიანის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ქალაქში ისრაელის არმიამ 8 და 14 წლის ორი პალესტინელი ბიჭი მოკლა.

7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმებს 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, აცხადებს, რომ მას შემდეგ ისრაელის საპასუხო კამპანიამ 14800 ადამიანი მოკლა, რომელთა შორის 6000 ბავშვია.

ამავე თემაზე:

„ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა

მასალების გადაბეჭდვის წესი