ახალი ამბები

“რუსეთის აგრესიამ რისკის ქვეშ დააყენა უსაფრთხოება რეგიონში” – დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალზე

30 ნოემბერი, 2023 • 1134
“რუსეთის აგრესიამ რისკის ქვეშ დააყენა უსაფრთხოება რეგიონში” – დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესიაზე ისაუბრა და მინისტრთა საბჭოს წინაშე თამაზ გინტურის ახლახან მომხდარი მკვლელობა გაიხსენა.

“რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს მოჰყვა რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე 2014 წელს. უკრაინაში ახლა მიმდინარე ომმა და რუსეთის აგრესიამ რისკის ქვეშ დააყენა საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოება რეგიონში”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველო კვლავ მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

“რუსეთი 15 წელია განაგრძობს უკანონო ოკუპაციას, საქართველოსგან განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის ადამიანის უფლებები მწვავედ ირღვევა. მავთულხლართებით მოწყვეტილები არიან ნათესავებს, საკუთარ მიწებს, სალოცავებს, შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება. უკანონო ქმედებები, გატაცებები მიღებული პრაქტიკაა. საფრთხეშია ამ ხალხის ჯანმრთელობა, სიცოცხლე. ახლახან საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მის მშობლიურ სოფელ კირბალის სიახლოვეს, მორიგი ძალადობრივი აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ”, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მოწოდებულია მშვიდობისკენ და ქვეყანას ორი მთავარი მიზანი აქვს: საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია რუსეთის ფედერაციისგან და გახლეჩილი საზოგადოებების შერიგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი