ახალი ამბები

ხორბლის პოლიტიკური ფასი

7 სექტემბერი, 2010 •
ხორბლის პოლიტიკური ფასი

საქართველოს ელჩი ლიტვაში, გიორგი  ქერდიყოშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო 50 ათასიდან 100 ათას ტონამდე ხორბალს ლიტვის რესპუბლიკისგან შეიძენს.

რაც შეეხება ფასს, თუ რა თანხას გადაიხდის ტონა ხორბალში საქართველო, არ არის გარკვეული.

”წინასწარ ვერ გეტვით, თუმცა ეს არ იქნება კომერციული ფასი, იქნება უფრო პოლიტიკური ფასი. საქართველო ლიტვას ტონა ხორბალში გადაუხდის ზუსტად იმ ფასს, რომელიც მსოფლიო ბირჟაზე იმ დროისთვის იქნება დაფიქსირებული”, – ამბობს ქერდიყოშვილი.

”ხორბლის საქართველოში გამოგზავნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ლიტველები მზად არიან, თავისი მარაგებიდან გამოგვიგზავნონ ხორბლის გარკვეული რაოდენობა”.

კერძო კომპანია აგრიკომის დირექტორი, ქეთევან კუბლაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხორბლის შემოტანის აუცილებლობა არ არის. ”ქართულ ბაზარს კერძო კომპანიებიც გაწვდებიან, რადგან ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე ხორბლის დეფიციტი არ არის.”

კუბლაშვილის თქმით, დაახლოებით 12 ათასი ტონა ხორბლის მარაგი კომპანია აგრიკომს აქვს. ”ამდენივე მარაგი აქვს რამდენიმე კომპანიას, რაც აბსოლუტურად საკმარისია საქათველოს ბაზრისთვის თვენახევრის მანძილზე”.

აგრიკომი ამერიკული ხორბლის იმპორტს გეგმავდა სექტემბრის შუა რიცხებისთვის. თუმცა ფასის გამო, (სხვაობა 10 აშშ დოლარს შეადგენდა) აგრიკომმა უნგრული ხორბალი არჩია. ერთი ტონა უნგრული ხორბლის ფასი 340 აშშ დოლარია. პირველ ეტაპზე 7-10 ათასი ტონა ხორბლის შემოვა სექტემბრის თვეში, მოგვიანებით კი კომპანია ყაზახურ ხორბალსაც შეიძენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველო წლის მანძილზე 700 ათას ტონა  ხორბალს მოიხმარს, რაც თვეში დაახლოებით 58 ათასი ტონაა. არსებული მარაგი კერძო კომპანიებში 40 ათას ტონას აჭარბებს. თუმცა კერძო კომპანიები მარაგებს სექტემბრის თვეში კვლავ შეავსებენ.

მოლაპარაკებები, ლიტვიდან საქართველოში ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის ლიტვაში ვიზიტისას დაიწყო.

საქართველოს ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში, გიორგი ქერდიყოშვილი ამბობს, რომ შეხვედრას, რომელზეც ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო,  ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრი, კაზის სტარკევიჩიუსი ესწრებოდა.

ამ დროისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლობის ლიტვაში ვიზიტია დაგეგმილი, რომელიც მიმდინარე თვეში შედგება. ვიზიტის შემდეგ გადაწყდება, თუ როდის განხორციელდება ხორბლის იმპორტი საქართველოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი