ახალი ამბები

საკრებულოებში ენმ-ის წევრების ნაწილი ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

28 ნოემბერი, 2023 • 765
საკრებულოებში ენმ-ის წევრების ნაწილი ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ფოთის, მცხეთის და ახალციხის საკრებულოებში განცხადებას ავრცელებენ და პარტიის თავმჯდომარეს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი მოქმედი მენეჯმენტია:

„იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია, პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია“, — აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.

ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები მოუწოდებენ ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.

განცხადებას ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:

  1. მაია კალანდია;
  2. თემურ ბასილაია;
  3. კახა ჩანგელია;
  4. მაია გაწერელია;
  5. გიორგი სორდია;
  6. მარიამ ახალაია;
  7. ბესიკ გაბუნია;
  8. გია მამფორია;
  9. ლაშა ბეჭვაია;
  10. დარეჯან გაბედავა;
  11. ხათუნა შამუგია;
  12. მირანდა ესებუა;
  13. თამთა ჭიჭინაძე;
  14. პაატა ადამია;
  15. მირანდა გოგოხია;
  16. მაია კუკავა;
  17. ბესიკ ჭეჟია.

თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ ხაბეიშვილს პარტიის წევრები ჭიათურის საკრებულოშიც. მათი თქმით, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან შეიქმნა კრიზისი პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ მწვავდება:

„პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს“, — აცხადებენ ჭიათურის საკრებულოში და აღნიშნავენ, რომ მოთხოვნას უერთდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ხუთივე წევრი:

  1. გოგი ჩიკვილაძე
  2. სიმონ ჯაფარიძე
  3. ქეთი ცხოვრებაძე
  4. ზურაბ კეთილაძე
  5. ილიკო ჩიკვილაძე

ხობის საკრებულოს წევრები კი აცხადებენ, რომ დღეს პარტიაში მძიმე კრიზისია, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არარსებობა.

„იმისთვის რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.
ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11- დან 10 საკრებულოს წევრი“ ,- ვკითხულობთ განცხადებაში.

  1. ია ჯიშკარიანი
  2. გურიელ ქარდავა
  3. ლევან ლაშხია
  4. ლელა ადანაია
  5. ვეფხვია ფოცხორაია
  6.  მოგელი ხუხია
  7. ნინო ბოკუჩავა
  8. ბესიკ თამლიანი
  9. ფელიქს წურწუმია
  10. ჯანსუღ ჯიშკარიანი

განცხადება გაავრცელეს ენმ-ის წევრებმაც ამბროლაურის საკრებულოში. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ამირან ლომთაძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ბაქარ გობეჯიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ანა გურგენიძე – ფრაქციის წევრი, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადადგეს ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან:

„ვინაიდან, პირადად მან და მის უკან მდგარმა არაფორმალურმა მმართველებმა, ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დასასუსტებლად. ჩვენ აქტიურად გვაქვს კომუნიკაცია პარტიის მხარდამჭერებთან. არ შეგხვედრია არც ერთი ადამიანი, ვინც კმაყოფილია ხაბეიშვილის და დღევანდელი მენეჯმენტის საქმიანობით. ჯერ კიდევ არის დრო შეჩერდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დასუსტების პროცესი! უნდა გაჯანსაღდეს პარტია, დამკვიდრდეს რეალურად დემოკრატიული მართვის წესი და გაერთიანებულები სიმართლის ირგვლივ, მოვემზადოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამარცხებლად“ — აცხადებენ საკრებულოს წევრები მათ შორის:

  1. ამირან ლომთაძე
  2. ბაქარ გობეჯიშვილი
  3. ანა გურგენიძე

ქ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შექმნილია მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობა, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ:

„პარტიის თავმჯდომარის არჩევიდან ათი თვის თავზე, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული მთავარი დაპირების მიუხედავად, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებას. გარდა ამისა, შექმნილი მძიმე მდგომარეობის დასარეგულირებლად არსებული მენეჯმენტი არაფერს აკეთებს და პირიქით, თუ აკეთებს რამეს, ამით მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს პრობლემას“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, 2024 წელი, ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის წელიწადი უნდა იყოს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, მათი თქმით, პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები თუ უმოქმედობა უაღრესად დამაზარალებელია:

„მივიჩნევთ რომ, ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა. რასაც მალევე უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს ახალ მმართველ ორგანოს“ — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  1. გიორგი კილაძე
  2. დავით ბახტაძე
  3. ქეთევან ხურციძე
  4. გაგა მანაგაძე
  5.  რომანი ქვაჩაკიძე
  6. თედო მესხი
  7. ნინო ბიბილეიშვილი

კასპის საკრებულოს წევრები კი აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა, თავისი თავმჯდომარეობის თითქმის ერთი წელი, ნაცვლად მისი დაპირებების შესრულებისა, გამოიყენა პარტიის გახლეჩვის, დასუსტებისა და ნგრევის პირას მიყვანისათვის.

მათი განცხადებით, პარტიაში არის კრიზისი, რომელსაც აღიარებს და ხედავს ყველა, ბევრი ადამიანი ცდილობს მოგვარების გზებს პოვნას, თუმცა ამ გზაზე, ბარიერი არის არსებული თავმჯდომარის ღიად დაფიქსირებული, კონფრონტაციული პოზიცია:

„დამდგარ კრიტიკულ ვითარებაზე პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა, რაც ერთობისკენ სვლას და შემდგომ დისკუსიას გახდის შესაძლებელს. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დიდი უმრავლესობა, უერთდება მოთხოვნას და ხელმოწერით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას“ — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  1. ფრაქციის თავმჯდომარე: ალექსანდრე შაქარაშვილი
    ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები:
  2. ნონა დვალიშვილი
  3. მირანდა თვარაძე
    საკრებულოს წევრები:
  4. გიორგი შარიფაშვილი
  5. მარინა ვაზაგაშვილი
  6. აკაკი ბერიანიძე

ასევე გავრცელდა ახალციხის საკრებულოს წევრების განცხადებაც, რომლებიც ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობა, იმის გამო, თუ რა კრიზისშიც შეიყვანა პარტია:

„ის ამბობს, რომ ავითარებს პარტიულ ინფრასტრუქტურას, თუმცა აქვს ოფისი და არ ჰყავს ხალხი, ოფისი ფულზე ქირავდება, მართალი ადამიანი კი არა. ზუსტად თავმჯდომარისა და მენეჯმენტის კონფრონტაციული მიდგომები, პრობლემების იგნორირება და დესტრუქციული ქმედება, იყო მიზეზი, რატომაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის მუნიციპალიტეტის ფრაქციამ, სრული შემადგენლობით დატოვა ფრაქცია და თუმცა ეს ადამიანები დარჩნენ პარტიის წევრებად. დავრჩით პარტიის წევრებად, იმიტომ, რომ გვჯერა ერთობა შესაძლებელია, თავმჯდომარის მიერ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებითა და გადადგომით, გაჩნდება შანსი მივიდეთ ერთობამდე“ — აცხადებენ ახალციხის საკრებულოს წევრები ენმ-დან:

  1. დავით ახალკაცი
  2. ქეთევან ბარძიმაძე
  3. კობა სანდროშვილი
  4. ნატო დარბაიძე
  5. იოსებ დემეტრაძე
  6. ბესიკ ოქრომელიძე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები” კი მიიჩნევენ, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, პარტიის ერთობა არის შეუძლებელი, ამას ამტკიცებს მათი ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში, მათ მიერ კრიზისის არაღიარება და დღეს გაკეთებულო განცხადებები, რომ არჩევნები ჩატარდება 2025 წელს:

„2024 წელს, გადამწყვეტ არჩევნებში, პარტია ვერ შევა გახლეჩილი, ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს ლევან ხაბეიშვილის მართვის პირობებში, შესაბამისად ვითხოვთ, გადადგეს თავმჯდომარე, რომ გახდეს ერთობა შესაძლებელი“ – აცხადებენ ხელმომწერები.

  1. კახაბერ წოწინაშვილი
  2. გიორგი სარდლიშვილი
  3. ვეფხო მილაძე

ფოთის საკრებულოს წევრები კი აცხადებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს:

„ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.

იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები , რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ , მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს,რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას“ — აცხადებენ განცხადების ავტორები მათ შორის:

  1. ფოთის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – დარეჯან ცხვიტარია
    საკრებულოს ფრაქციის წევრები:
  2. ჟანა ჩაჩავა;
  3. პაატა ჩაგანავა
  4. მარიამ უჩანეიშვილი;
  5. მიშა ფირცხალავა.

23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს.

მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

27 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა.  მისი თქმით, ნიკა მელიას დრო ჰქონდა, 23 ნოემბრის მანიფესტს შეერთებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ და არსებობს თუ არა ამის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიის წევრი აღარაა. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.

ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.

ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.

„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი