ახალი ამბები

იმედია, ოპოზიციაც დაგვეხმარება, რომ 2024-ის ბოლოს EU-სთან მოლაპარაკებები დავიწყოთ – სამხარაძე

28 ნოემბერი, 2023 • 696
იმედია, ოპოზიციაც დაგვეხმარება, რომ 2024-ის ბოლოს EU-სთან მოლაპარაკებები დავიწყოთ – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 2024 წლის ბოლოს შესაძლებელი უნდა იყოს, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ამის შესახებ მან დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სამხარაძის თქმით, იმისათვის, რომ მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი გახდეს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული პირობების შესრულებაში ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს და მმართველ გუნდს „ხელი  მაინც არ შეუშალონ“.

„მე ვიმედოვნებ, რომ გასული წელიწად-ნახევარი ყველასთვის მაგალითი იქნება, მათ შორის ცუდი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება შენ საკუთარ ქვეყანას ხელი შეუშალო და არ წაეხმარო ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვიმედოვნებ, რომ მომავალი სესიიდან, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც გასული წელიწად-ნახევარი არ იქცეოდნენ სწორად და არ იყვნენ გულწრფელები თავისი სახელმწიფოს მიმართ, მაინც შეიცვლიან ნირს და ზნეს და დაგვეხმარებიან ჩვენ. თუ არ დაგვეხმარებიან, ხელს მაინც არ შეგვიშლიან, რომ ჩვენ შევასრულოთ ეს 9 ნაბიჯი და  მომავალი წლის ბოლოდან უკვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

ეს არის ჩემი გულწრფელი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის და მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე დაგვეხმარონ და ჩვენთან ერთად იმუშაონ ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად. სხვანაირად გაძნელდება ამ მიზნის მიღწევა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან სამხარაძის თქმით, არ ეგულება ქვეყანა, რომელიც დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ დაუჭერს.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 14-15 დეკემბერს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რადგან არცერთი ქვეყანა არ გვეგულება, რომელმაც შეიძლება, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს. ამის შემდეგ ჩვენი გზა კიდევ უფრო მეტად გართულდება – უფრო მეტი რეგულაცია გვექნება მისაღები, უფრო მეტი დირექტივა გვექნება გადმოსატანი და მეტი რეფორმა გვექნება განსახორციელებელი.  როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი თუ ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან ერთად არ იმოქმედებს, მაშინ ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ამ გზაზე გვქონდეს წარმატება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი