ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს

28 ნოემბერი, 2023 • 1650
ცოლზე ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პენიტენციურის თანამშრომელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ2023 წლის 26 ნოემბერს ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, სამართალდამცავმა ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა:

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში უზრუნველყო გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რის შემდეგაც ჩვენ მიერ, ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დაკავებულ იქნა სამართალდამცავი“, — აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში ბრალი ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.


ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის, ასევე იძულების შემთხვევაში, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნომერზე 112, ან დარეკოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე 116 006 [ზარი უფასოა], სადაც 9 ენაზე გაგიწევენ კონსულტაციას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პოლიციის გამოძახებას.

ამასთან, შეგიძლიათ მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას და გარკვეულ შემთხვევებში, სხვა სახის დახმარებასაც.

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი