ახალი ამბები

საქართველოს იდენტობის დაცვას სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაშია – ზურაბიშვილი

28 ნოემბერი, 2023 • 959
საქართველოს იდენტობის დაცვას სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაშია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს კამპანიას “შენი ხმა ევროპას”. 27 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მან მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა –  ის, რაც ყველაზე ძვირფასი არის – ამ იდენტობას სჭირდება თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაში და ევროსტრუქტურებში არის დაცული. არცერთი სხვა ორგანიზაცია არ არსებობს ასეთი, რომელშიც გაწევრიანებულები მხოლოდ ნებაყოფლობით არიან”, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.

ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროინტეგრაციის სიკეთეებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად თუ კარიერული განვითარებისთვის.

“არ არის საკმარისი იქ [ევროპაში] წასვლა და იქ სწავლა, თუ მერე არ არის მოთხოვნილება შინაგანი, რომ მე ამ ქვეყანას დავუბრუნო – ნაწილობრივ მაინც – ეს ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო რამეში. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითი შემიძლია ავიღო – გია დვალი რომ ცერნში არის თუ მაქს პლანკის ინსტიტუტში, ეს ამ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა უცხოეთში მცხოვრები ქართველების როლი ქვეყნის განვითარებაში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

“ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათაც უნდა დაინახონ და იცოდნენ, რომ ეს ქვეყანაც დამოკიდებულია მათ ჩართულობაზე – პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – ახალგაზრდებს თუ ხანშიშესულებს – მუდმივად დახმარებას ვთხოვდეთ, მათი ოჯახების თუ სხვა ფორმით და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას – რის გარეშეც დისკრიმინაციაზე შეიძლება ვისაუბროთ – არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს შეუძლია უფრო მეტი სარგებლის მიღება ევროკავშირისგან და მოვახერხებთ თუ არა ამას, ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი