ახალი ამბები

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა – 39 პალესტინელი პატიმარი

26 ნოემბერი, 2023 • 1977
„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა – 39 პალესტინელი პატიმარი

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის არიან 6 ქალი და 7 ბავშვი.

ისრაელსა და „ჰამასს“ კატარის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში 50 ისრაელელ ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში კი დღეში, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე, დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

“ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი