ახალი ამბები

ღაზის სექტორში ცეცხლი დროებით შეწყდა — ტყვეების გაცვლა რამდენიმე საათში დაიწყება

24 ნოემბერი, 2023 • 909
ღაზის სექტორში ცეცხლი დროებით შეწყდა — ტყვეების გაცვლა რამდენიმე საათში დაიწყება

ღაზის სექტორში ცეცხლი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე (თბილისის დროით 09:00) შეწყდა, 16 საათისთვის კი ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გატაცებული 13 პირი უნდა გადასცეს ისრაელს. სანაცვლოდ ისრაელმა ციხიდან უნდა გამოუშვას პალესტინელი პატიმრები.

ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე ისრაელი და „ჰამასი“ კატარის შუამდგომლობით შეთანხმდნენ. შეთანხმება პირველ ეტაპზე 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა, გახანგრძლივდეს. სანაცვლოდ „ჰამასმა“ ამ 4 დღეში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს, ისრაელმა — 150-მდე პალესტინელი პატიმარი.

ტელეარხ „ალ ჯაზირას“ ცნობით, ისრაელის ციხეებში 7 ოქტომბრამდე 5200 პალესტინელი იყო დაპატიმრებული, 7 ოქტომბრის შემდეგ დამატებით 3000 დააპატიმრეს სხვადასხვა ბრალდებით.

გარდა ტყვეების გაცვლისა, ღაზაში დღიურად 200-მდე სატვირთოს შეუშვებენ, რომელმაც უნდა შეიტანოს საკვები, სამედიცინო მასალები და საწვავიც.


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ფოტოზე: ქალაქი ხან იუნისი დაბომბვის შემდეგ. EPA-EFE/MOHAMMED SABER

მასალების გადაბეჭდვის წესი