ახალი ამბები

დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს – იაშვილი

22 ნოემბერი, 2023 • 3151
დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს  – იაშვილი

„კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა“, – ასე ეხმაურება ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე იაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გამოტოვებას.

კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ის ამის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და გუნდის სახელით ბოდიშს იხდის.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის და ფედერაციისთვის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ“, – აცხადებს ალექსანდრე იაშვილი, რომლის განცხადებასაც ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.


19 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამართულ შეხვედრაში კვარაცხელიამ რიგით (ჯამში) მესამე ყვითელი ბარათი [გაფრთხილება] მიიღო, რაც უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.02 მუხლის ა) პუნქტის თანახმად გულისხმობს დისკვალიფიკაციას შემდეგ გასამართ მატჩში.

კვარაცხელიას გარდა, მესამე ყვითელი ბარათის მიღების და პოტენციურად პლეი-ოფის ნახევარფინალის გამოტოვების რისკის ქვეშ ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო, რომელმაც აგრეთვე ითამაშა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით საქართველოსთვის არაფერს წყვეტდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი