საზოგადოება

ოფიციალურად: კვარაცხელია პლეი-ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს

20 ნოემბერი, 2023 • 2261
ოფიციალურად: კვარაცხელია პლეი-ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს

ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე – ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა – დავით მუჯირმა გააკეთა.

“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და, როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს. ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია”, – განაცხადა მუჯირმა.

კვარაცხელიამ გუშინ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამართულ შეხვედრაში რიგით (ჯამში) მესამე ყვითელი ბარათი [გაფრთხილება] მიიღო, რაც უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.02 მუხლის ა) პუნქტის თანახმად გულისხმობს დისკვალიფიკაციას შემდეგ გასამართ მატჩში.

კვარაცხელიას გარდა, მესამე ყვითელი ბარათის მიღების და პოტენციურად პლეი-ოფის ნახევარფინალის გამოტოვების რისკის ქვეშ ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო, რომელმაც აგრეთვე ითამაშა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით საქართველოსთვის არაფერს წყვეტდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი