შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 11 პირი დააკავეს.
“აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 13 პირი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, – აცხადებენ შსს-ში.
განახლება 21:04 – თავდაპირველად სტატიაში ეწერა, რომ დაკავებული იყო 13 პირი, თუმცა შსს-მ მოგვიანებით დააზუსტა, რომ არა 13, არამედ 11 ადამიანი იყო დაკავებული.
ცნობილი ხდება, რომ თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ არაერთი მომიტინგე დააკავა.
რიონის ხეობის მოძრაობის ფეისბუკ გვერდის ლაივში გამოჩნდა, რომ რამდენიმე პოლიციელმა დააკავა ვარლამ გოლეთიანი. მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ის პოლიციამ ან იზოლატორში გადაიყვანა, ან სამინისტროს ეზოში შეიყვანეს.
მაისის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, დაკავებულია მათი წევრი საბა ქერქაძე, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრები: გელა ქეთელაური, ნუგზარ გოდოლაძე.
“მაუწყებლის” ინფორმაციით, დაკავებულია მათი ჟურნალისტი რატი რატიანი, რომელიც ადგილზე ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა.
პოლიცია დაუპირისპირდა რაჭის პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კარვის გაშლას ცდილობდნენ.
დაპირისპირება აქციის მონაწილებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ამბროლაურიდან ჩამოსულ მომიტინგეებს სამართალდამცველები არ აძლევდნენ სამინსიტროს ეზოში შესვლისა და კარვის გაშლის უფლებას.
კონტექსტი
მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.
პროტესტის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა მოძრაობის წევრებსა და ხელისუფლების, პოლიციის წარმომადგენლებს შორის.
პირველ ნოემბერს ამბროლაურში შედგა მრავალგზის მოთხოვნილი შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომელიც თითქმის 7 საათს გაგრძელდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სოციალური ქსელის მეშვეობით. ერთადერთი შეთანხმება, რასაც მაშინ მხარეებმა მიაღწიეს, ის იყო, რომ პროტესტი სამინისტროს წერილობით მიაწვდიდა მტკიცებულებებს ყველა იმ დარღვევის შესახებ, რის საფუძველზეც ისინი ლიცენზიას უკანონოდ თვლიან.
გაგზავნილ წერილზე სამინისტროს პასუხი პროტესტის მონაწილეებმა 16 ნოემბერს მიიღეს. ამას წინ უძღოდა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ 15 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიასა და მის მფლობელ კომპანიას ყიდდა. იმავე საღამოს გაავრცელა გარემოს ეროვნულმა საგენტომ განცხადება, რომ “სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით”.
“პროტესტის დაწყების დღიდან, მუდმივად ამუშავებენ ამ ნარატივს, რომ ლიცენზია გადაიხედება და თუ ინვესტორმა რაღაც პირობები დაარღვია, შეიძლება გაუქმდეს კიდეც. ასე ცდილობენ, რომ საზოგადოების პროტესტი გაანეიტრალონ. პარალელურად, ხიდაშელმა გადაყიდა ლიცენზია და გადის ამ საქმიდან გულმოსული და გაბუტული პოზიციით. სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, საერთოდ შეეძლო თუ არა ამ ადამიანს ტყეების გადაყიდვა. საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, რომ ეს დადგმული უთანხმოებაა და ჩვენთვის ნაცნობი სცენარია ნამოხვანიდან. ხიდაშელმა გაყიდა კომპანია, ასახელებს ვიღაც ესპანელებსა და ქართველებს, ვინც შემოვლენ. რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი შემოვა და ჩადებს ფულს ასეთ პროცესში, როცა პროტესტი მიმდინარეობს, საზოგადოებაში მღელვარებაა, თვითონ ხელისუფლებაც კი ხანდახან ლიცენზიის გაუქმებაზე საუბრობს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ლიცენზიაში ვიღაც ფულს იხდის? ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ჩვენი გადმონაცვლება თბილისში უსაფუძვლოდ წარმოაჩინონ”, – ასე აფასებს ვარლამ გოლეთიანი რაჭის ტყეების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
გოლეთიანის თქმით, სამინისტროსგან მიღებულ წერილში სახელმწიფო ამბობს, რომ ლიცენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულება არ არსებობს.
“ლიცენზიას ხელისუფლება ყოველთვის იცავს და ამბობს, რომ ეს კარგი ლიცენზიაა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჰგონიათ, რომ ლიცენზიის პრობლემა მხოლოდ ხიდაშელის პერსონაა, საზოგადოება მხოლოდ ამაზე რეაგირებს, რაკი ის რუსეთთან დაახლოებული პირია, ჩაანაცვლებენ მას სხვა პერსონით და ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა შევყვეთ ამ თამაშში. ეს მათი მოედანია”, – ამბობს გოლეთიანი.
პროტესტის მონაწილეები იმეორებენ, რომ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი უკვე არსებობს მოსახლეობის გვერდის ავლით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ლიცენზია იმთავითვე უკანონოდ არის გაცემული.
“ნურავინ შევჭამთ, ბოდიში ამ სიტყვაზე, იმას, რომ ხიდაშელი მართლა კონფლიქტშია ხელისუფლებასთან, გარბის და თითქოს ლიცენზიაც გაუქმდება. ლიცენზია არ უქმდება. ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ვიღაც კერძო პირს ნახევარი საუკუნით გადასცენ რეგიონი, 105 000 ჰექტარი, ხალხთან შეთანხმების გარეშე”, – ამბობს გოლეთიანი.
ამბროლაურში პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ გედევანიშვილის მტკიცებით, ეს ლიცენზია, როგორც ყველაზე ბოლოს გაცემული 15-მდე მსგავს ლიცენზიას შორის, ვალდებულებებით ყველაზე მეტად არის დატვირთული.
ფინანსურად მეტ ინვესტიციას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის მეტ განვითარებას, ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების გამრავლებას და სხვა პირობებს გულისხმობს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღიარეს, რომ მოსახლეობის ჩართულობა და პროცესების გამჭვირვალობა სათანადოდ უზრუნველყოფილი არ იყო. თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაცია აუქციონის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და რეგისტრაციის დაწყებამდე “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა. პროტესტის მონაწილეები მსგავს ზომებს უბრალო ფორმალობად აფასებენ და მოსახლეობის რეალური ჩართულობისთვის ყველა პროცესის განულებას და მათთან კონსულტაციებით თავიდან დაწყებას ითხოვენ.