ახალი ამბები

საბავშვო ბაღთან კაცის დაჭრის საქმეზე გურამ ელიზბარაშვილს ბრალი წარედგინა

16 ნოემბერი, 2023 • 1106
საბავშვო ბაღთან კაცის დაჭრის საქმეზე გურამ ელიზბარაშვილს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარებისთვის გურამ ელიზბარაშვილს ბრალი წარუდგინა.

საქმე ეხება ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ, ბაგა-ბაღთან ძაღლით სერინობისას მომხდარ კონფლიქტს, რა დროსაც ყაზახეთის მოქალაქე დაჭრეს.

გამოძიების ცნობით, 14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მასსა და ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა.

„კონფლიქტის დროს წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მა, თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამავდროულად, გ.ე.-მა დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა“, — აცხადებს პროკურატურა.

გურამ ელიზბარაშვილი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის სიდედრის სახლიდან. გურამ ელიზბარაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი