ახალი ამბები

სენატმა მორიგი დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც არ არის გათვალისწინებული უკრაინისა და ისრაელის დახმარება

16 ნოემბერი, 2023 • 1448
სენატმა მორიგი დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც არ არის გათვალისწინებული უკრაინისა და ისრაელის დახმარება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 15 ნოემბერს დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელშიც არ არის გათვალისწინებული დამატებითი დახმარება უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ასევე, დაფინანსება აშშ-ის სამხრეთ საზღვრის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე გაუგზავნეს პრეზიდენტ ბაიდენს.  ამერიკელმა კანონმდებლებმა დროებითი ბიუჯეტით თავიდან აიცილეს ე.წ. მთავრობის შათდაუნი — ბიუჯეტის ვერ მიღების შემთხვევაში აშშ-ის ფედერალური სამსახურები და პროგრამები დაფინანსების გარეშე დარჩებოდა, ათიათასობით ფედერალური მუშაკი კი ხელფასს ვერ აიღებდა. დროებითი ბიუჯეტი 2024 წლის 19 იანვრამდე იმუშავებს. კონგრესში ამ დრომდე უნდა მიიღონ წლიური ბიუჯეტი.

თუმცა არის რიგი საკითხებისა, რომელზეც რესპუბლიკელები და დემოკრატები ვერ თანხმდებიან. კონგრესის წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, სენატს — დემოკრატები. რესპუბლიკელები წინააღმდეგნი არიან, დამატებითი დახმარება გამოეყოს ომში მყოფ უკრაინას, თუმცა დემოკრატები და პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებენ, რომ ისინი არ მიიღებენ  ისეთ ბიუჯეტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს. ამ დროისათვის ორივე მხარე სწორედ ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად შეთანხმდა დროებით, ორთვიან ბიუჯეტზე. აშშ-ის კონგრესს ამ ნაბიჯის გადადგმა ბოლო თვეებში უკვე მეორედ მოუწია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი