ახალი ამბებისამართალი

ვერ ვხვდები, რატომ აჭიანურებენ პროცესს — გრიგორიადისის დედა სხდომის გადადებაზე

15 ნოემბერი, 2023 • 1377
ვერ ვხვდები, რატომ აჭიანურებენ პროცესს — გრიგორიადისის დედა სხდომის გადადებაზე

ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე განზრახ აჭიანურებს მისი შვილის სასამართლო პროცესს. კალანდაძემ, მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, დღეს პირველად, სასამართლო დარბაზში ნახა შვილი, თუმცა მასთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონია.

“რომ ვერ უახლოვდები და ვერ ეხუტები, ძნელია, მაგრამ მიხარია, რომ დავინახე. მოვესიყვარულეთ ასე შორიდან [ერთმანეთს].

[…] მოსწონთ, ეტყობა, ეს პროცესი რომ იწელება. ვერ ვიგებ, ვერ ვხვდები, რატომ აჭიანურებენ. მოწმე თუ ჰყავთ, წესით, უნდა მოიყვანონ და დაკითხონ. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭიანურებენ, მაგრამ რის გამო, ვერ ვხვდები”, — განაცხადა კალანდაძემ დღეს გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სხდომა ზეგ, 17 ნოემბერს იყო ჩანიშნული. არსებობდა მოლოდინი, რომ სწორედ ამ დღეს გამოაცხადებდა მოსამართლე განაჩენს. თუმცა დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომა დეკემბერში გაიმართება.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი და ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბრალდების მხარე ხელოვნურად წელავს დროს. აღსანიშნავია, რომ გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიებს სახით შეფარდებული 9-თვიანი პატიმრობის ვადა 29 დეკემბერს გადის.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი