ახალი ამბები

ხალხის სიბრძნის წყალობით მოგვენიჭება სტატუსი, მადლობა მათ – კობახიძე

14 ნოემბერი, 2023 • 1413
ხალხის სიბრძნის წყალობით მოგვენიჭება სტატუსი, მადლობა მათ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „ხალხის სიბრძნის“ დამსახურებით მიენიჭება.

ამის შესახებ მან დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვართ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა 20 თვის განმავლობაში და არავის მისცა იმის საშუალება, რომ ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. პირიქით, სწორედ ხალხის სიბრძნის წყალობით მოგვენიჭება ჩვენ კანდიდატის სტატუსი 15 დეკემბერს. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა ხალხს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალისხმევა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კობახიძემ.


ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი