ახალი ამბები

პაპუაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნას „მათხოვრობას“ უწოდებს

13 ნოემბერი, 2023 • 1246
პაპუაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნას „მათხოვრობას“ უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნას „მათხოვრობას“ უწოდებს.

მისი თქმით, ბარიერის დაწევის მოთხოვნა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უსუსურია ოპოზიცია.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი დ პარტიებს დრო აქვთ, ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ყოფნისა, ინდივიდუალურობა გამოიჩინონ და „ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს, გაერთიანდნენ“.

„ყველას მოვუწოდებ, რომ გადაშალოს კალენდარი და ეს წელთაღრიცხვა, რომელიც არსებობს უკვე ათასწლეულებია ჩვენთან, ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ჩახედოს კალენდარს და დაფიქრდეს, რა განსხვავებაა 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის და ალბათ, ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მარტივად ნათქვამი – იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა [კანდიდატის სტატუსზე] პოზიტიური გადაწყვეტილება, ეს დაწევდა პოლარიზაციას და ამ დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ამაზე ფიქრი. არა თუ დაწია, სინამდვილეში, საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ერთი დამატებითი წელი ჯანჯღარის და მომავალი წელი რა მოგველის, ჯერ კიდევ შევხედოთ ოპოზიციას.

მე მგონი, არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ, 5% ეს არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის, კონსტიტუციაში უკვე წლებია წერია, მოწონებულია საერთაშორისო დონეზე, ვენეციის დასკვნაც არსებობს და ა.შ. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მე მგონი, არის შეუსაბამო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირობებში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საარჩევნო რეფორმა ისევ მოხვდა.

კერძოდ, ევროკომისია ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს, და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

კომისია იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა არჩევნებამდე საკმაოდ ადრე. რას გულისხმობს ევროკომისია ამ ჩანაწერში, დაზუსტებული არაა. თუმცა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი, სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის დაწევას უნდა ნიშნავდეს, რათა ამომრჩეველთა ხმები პარლამენტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი