ახალი ამბები

Pegasus ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას იწყებს

11 ნოემბერი, 2023 • 2503
Pegasus ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას იწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორ ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თურქული ავიაკომპანია „პეგასუსი“ დაიწყებს ოპერირებას.

მისი თქმით, ავიაკომპანიასთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, წარმატებით დაასრულა. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „პეგასუსი“ დეკემბრის ბოლოდან, კვირაში სამჯერ, სტამბულის მიმართულებით იფრენს.

„სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, [პროექტი] ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“, — განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. „პეგასუსი“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენებს წლებია, ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი