ახალი ამბები

სუს-მა მიგრანტის უკანონო გადაყვანის საქმეზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

11 ნოემბერი, 2023 • 1950
სუს-მა მიგრანტის უკანონო გადაყვანის საქმეზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა და ამოიღო სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.

კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პირველი პრიმა (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით აწარმოებს.

„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით“, — აცხადებს სუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი