შსს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძის შეურაცხყოფის საბაბით უჩივის.
საუბარია 9 იანვრის სტატუსზე „ფეისბუქში“, სადაც ჩერგოლეიშვილი არჩილ გორდულაძეს „თალიბანის სი*ს“ უწოდებს.
„გუშინ საღამოს დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მითხრეს, რომ შსს გიჩივითო. შსს გიჩივით, რომ არჩილ გორდულაძეს… და კითხვა დაიწყო და მე თვითონ შევაწყვეტინე – ვიცი, „თალიბანის სი*ი“ ვუწოდე და დავპირდი, რომ პატრიოტი ძაღლები მის საფლავს დააფსამენ-მეთქი, ეს პოსტია სავარაუდოდ-მეთქი და კიო. 15 იანვარს არის სასამართლო და თუ მოხვალთო. ვუთხარი, რომ ამ კანონს არ ვცნობ — შეუსაბამოდ მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასთან, შესაბამისად, არ ვაპირებ-მეთქი ამ ფარსში მონაწილეობას. თუ მოსამართლე ჩემი მოსაზრებით დაინტერესებულია, მის ადგილას ნებისმიერი ნორმალური მოსამართლე აიღებდა ამ კანონს და გადააგზავნიდა საკონსტიტუციოში გასასაჩივრებლად, იმიტომ, რომ ანტიკონსტიტუციურია“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჩერგოლეიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლო სხდომას არ დაესწრება, თუმცა ამბობს, რომ ჯარიმის შემთხვევაში მას გადაიხდის. კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობასაც.
„ანგარიშების დაყადაღებას არ ვაპირებ. ჯარიმებს ხარკის სახით ვიხდი, მაგრამ სასამართლოზე სიარულს და რაღაცა სცენების მოწყობას არ ვაპირებ“, — ამბობს ჩერგოლეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მიიღო რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სოციალურ ქსელებში მთავრობის წევრების და საჯარო მოხელეების კრიტიკისთვის 60 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კერძოდ, ადმინისტრაციულ კოდექსში გაჩნდა ახალი სამართალდარღვევა — საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ან საქმიანობასთან დაკავშირებით იწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით , ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
განმეორებითი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 500-დან 6 000 ლარამდე ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 5-დან 60 დღემდე.
თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ათასი ლარით ერთხელ უკვე დააჯარიმეს ფეისბუქ-სტატუსისთვის. ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.
