ახალი ამბები

გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო — მელიას ინიციატივა ენმ-ს

9 ნოემბერი, 2023 • 2721
გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო — მელიას ინიციატივა ენმ-ს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ინიციატივით გამოდის, პარტიაში შეიქმნას “ნდობის უფლებამოსილი საბჭო”. მისი განმარტებით, აღნიშნული საბჭო უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნოს პარიტეტულ, ანუ მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებულ საწყისებს.

ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 9 ნოემბერს გააკეთა:

“გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. ამ საბჭოში პარტიაში არსებულ ინტერესთა ყველა ჯგუფს უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლობა. ნდობის საბჭო ასევე უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო, რომელიც აიღებს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქციას. მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი.

ამ არაორდინალურ და მძიმე კრიზისში ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე და დადგეს სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა იმ ღირებულებების ერთგულებისათვის, რომლისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ეს პარტია.

ერთობას, ნდობას, თანხმობას და ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს; კარჩაკეტილობამ და არაფორმალურმა მართვამ პარტია უფსკრულის პირას მიიყვანა.
უარი უთხარით არაფორმალურ მმართველობას, გააღეთ პარტიის კარი – არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში”, — ნათქვამია მელიას განცხადებაში.

განცხადებაში ის ასევე ხაზს უსვამს, რომ გასულ წელს შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ პარტია ორ ნაწილად გაიყო და ახალმა მენეჯმენტმა არათუ შეასრულა დანაპირები, არამედ ორად გაყო პარტია:

“1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტიაში გარკვეულმა ჯგუფმა მოითხოვა არჩევნები, რომელსაც მათი დაპირებით, შედეგად უნდა მოეტანა პარტიის გარდაქმნა, გააქტიურება, სამოქალაქო პროტესტის გამწვავება და უახლოეს თვეებში მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება.

რადგან პარტიის ერთიანობა და თანხმობა ყოველთვის მიმაჩნდა მნიშვნელოვნად, დავთანხმდი ამ არჩევნებს, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა პარტიის ახალი მენეჯმენტი. მე მივიღე არჩევნების შედეგები, მივულოცე და წარმატება ვუსურვე ახალ მენეჯმენტს.

სამწუხაროდ, ნდობა არსებული მენეჯმენტის მიმართ დაიკარგა მათი მოსვლიდან პირველივე კვირაში. მაშინ, როდესაც ტექნიკური ყრილობა, რომელსაც მხოლოდ არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, გამოყენებულ იქნა პოლიტსაბჭოს დაშლისა და ახალი პოლიტსაბჭოს წევრების დანიშვნისათვის.

ხალხი უბრალოდ გარიცხეს პოლიტიკური საბჭოდან, ჩემით დაწყებული, ალბათ ყველას სახელი და გვარი ცნობილია საზოგადოებისთვის. ყველასთვის ნათელია ეს უსამართლობა და ვერავინ მიიღებს ამას”, — აღნიშნავს ის.

მელია მიიჩნევს, რომ ენმ-ის ამჟამინდელი მდგომარეობით არჩევნებში გამარჯვება არ არის შესაძლებელი და მეტიც, “ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც შეუძლებელია”.

“სამწუხაროდ, ახალ მენეჯმენტს დღიდან მოსვლისა არაფერი უკეთებია, გარდა პარტიის ხლეჩისა: პოლიტიკური საბჭოს დაშლის შემდეგ ახალმა მმართველებმა
საკრებულოების სიებიდან ამოიღეს ყველაზე ერთგული ადამიანები, რომლებმაც წლების მანძილზე იბრძოლეს და ბევრ საარჩევნო ოლქში ისე ახლოს მივიდნენ გამარჯვებასთან, როგორც არასოდეს მივსულვართ.

ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველა ის ნეგატიური მოლოდინი, რომელზეც ვაფრთხილებდით საზოგადოებას და ახალ მენეჯმენტს, დღეს სამწუხარო რეალობაა.
თითქმის 1 წლის თავზე ყველასთვის ნათელია მათი მმართველობის შედეგები:

პარტია ორად არის გაყოფილი. მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შედეგად დაიკარგა ერთიანობა, დრამატულად დაზიანდა ნდობა პარტიის მიმართ, ჩაკვდა პოლიტიკური პროტესტი, პარლამენტში პარტიის წარმომადგენლობა ასხივებს სრულ პოლიტიკურ უსუსურობას, მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია, ხოლო დაქსაქსული პარტია დღითიდღე კარგავს ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას, ისევე, როგორც ერთობლივი ოპოზიციური დღის წესრიგის შექმნის უნარს”, — ნათქვამია მელიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი