ახალი ამბები

ვულოცავ ქართველ ხალხს, ვუსამძიმრებ “ქართულ ოცნებას” — ჯაფარიძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე 

8 ნოემბერი, 2023 • 1203
ვულოცავ ქართველ ხალხს, ვუსამძიმრებ “ქართულ ოცნებას” — ჯაფარიძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე 

პარტია “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ქართველმა ხალხმა დაიმსახურა. ამავდროულად, ის აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” და რუსეთის ხელისუფლება ამ პროცესის საბოტაჟს ცდილობდნენ.

“მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არის უმნიშვნელოვამნესი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის უერთგულესი მეგობარი, ჩვენი ხალხის გვერდით დგას და იდგება მანამ, სანამ არ დასრულდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას” ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს, 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკომისია რეკომენდაციას უწევს.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დენ ლაიენი.

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის საკითხზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, ამავე წლის დეკემბერში. ევროპული საბჭო პოლიტიკური ორგანოა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან. ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს. კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, თუმცა, ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი