ახალი ამბები

„ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის“ – ზურაბიშვილი ვოლსკიზე

7 ნოემბერი, 2023 • 1857
„ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის“ – ზურაბიშვილი ვოლსკიზე

„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გია ვოლსკის განცხადებას.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ პოლიტიკოსთა შორისა, რომლებიც რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მოკვლით გახარებულები არიან.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია, აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა გუშინ, 6 ნოემბერს, მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლას გუშინვე გამოეხმაურა და თქვა, რომ ამას საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმად მიიჩნევს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს “ერთმორწმუნე ძმის” სახეს.

ამასთან, დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნების დღეს, ხვალ, 8 ნოემბერს, დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის გუშინ მომხდარი მკვლელობის ფონზე კონცერტი გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი