ახალი ამბები

ფოტიგა: ვერ დავუხურავთ საქართველოს EU-ს კარს, მიუხედავად „ოცნების“ ბოლოდროინდელი შემაშფოთებელი ნაბიჯებისა

7 ნოემბერი, 2023 •
ფოტიგა: ვერ დავუხურავთ საქართველოს EU-ს კარს, მიუხედავად „ოცნების“ ბოლოდროინდელი შემაშფოთებელი ნაბიჯებისა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, მიუხედავად ქვეყნის მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი შემაშფოთებელი ნაბიჯისა.

როგორც ანა ფოტიგა ამბობს,  გაფართოების პოლიტიკა რჩება ძირითად ინსტრუმენტად ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.

მისი თქმით, ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ევროკავშირს არ აქვს უფლება, შეცდომები გაიმეოროს და პარტნიორები რუხ ზონებში დატოვოს.

“დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. მე ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა.

ჩვენ ვერ დავუხურავთ ევროკავშირის კარს საქართველოს, როდესაც ვაფასებთ მის წინსვლას ევროკავშირის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია“, – წერს ანა ფოტიგა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ხვალ, 8 ნოემბერს,   გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს, როცა 27 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი