ახალი ამბები

მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობაზე კიდევ გამოაცხადა ტენდერი

4 აპრილი, 2023 • 1539
მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობაზე კიდევ გამოაცხადა ტენდერი

თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის სავარაუდო თანხა 62 800 000 ლარია.

ტენდერის თანახმად, ბაზა ალექსეევკის დასახლებაში (აეროპორტის მიმდებარედ) 17 ჰა ფართობის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. ეს ტერიტორია მუნიციპალურ საკუთრებაშია.

თბილისში ამჟამად არ მოძრაობს 18-მეტრიანი ავტობუსი, ამის მიზეზი კი ისაა, რომ დედაქალაქს შესაბამისი ავტობაზა არ აქვს. ამ ავტობუსების შემოყვანა უკვე მესამე წელია, რაც შეფერხებულია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სატრანსპორტო კომპანია მომსახურების შესყიდვის გზით ცდილობს ბაზა ააშენოს. იგივე ნაბიჯი 2022 წლის დეკემბერშიც გადადგა, თუმცა, უშედეგოდ.

ეს იმის ფონზე, როდესაც მერიის გაცხადებული რეფორმის თანახმად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ახალი სატრანსპორტო ქსელის/10 ძირითადი საავტობუსო დერეფნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.

18-მეტრიანი ავტობუსი

ავტობუსების ახალი ბაზა, თავდაპირველი გეგმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით უნდა აშენებულიყო.

EBRD-ის 80 მლნ ევროს მოცულობის სესხიდან 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იყო 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო – დეპოს მშენებლობისთვის.

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც ახალი ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 18 თვეში უნდა შესრულდეს. ამასთან, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მეოთხე ავტობაზის სამშენებლო ინფრასტრუქტურის იმ დონემდე მიყვანა, რომ შესაძლებელი იყოს მინიმუმ პირველ ეტაპზე შემოყვანილი 50 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსების ექსპლუატაცია. კერძოდ 10 თვეში უნდა მოეწყოს:

1. სადგომი ტერიტორია – პლაცი
2. გაზგასამართი სადგური
3. სამრეცხაო
4. სარეგლამენტო მომსახურების სივრცე
5. სადისპეტჩერო და სამექანიკო სივრცე
6. საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა
7. ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა
8. ტერიტორიის შემოღობვა
9. საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სამუშაო ინფრასტრუქტურა
10. დაცვის სამსახურისთვის საჭირო მინიმალური ინფრასტრუქტურა.

ჯერჯერობით შესყიდვაზე არცერთ კომპანიას განაცხადი არ შეუტანია. სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე ნათქვამია, რომ პრეტენდენტს ამგვარი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი