ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რატომ არ ხდება ენგურჰესი საოკუპაციო რეჟიმზე წნეხის საფუძველი”- ევროპული საქართველო

7 ნოემბერი, 2023 • 2285
“რატომ არ ხდება ენგურჰესი საოკუპაციო რეჟიმზე წნეხის საფუძველი”- ევროპული საქართველო

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ლიდერები, გიორგი ნონიაშვილი და აკაკი ბობოხიძე ენგურჰესის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრობენ.  

„მხოლოდ ეს ამბავი არ არის სინამდვილეში, შეგვიძლია გავიხსენოთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ირაკლი ბებუას ტყვეობის საკითხი, სადაც ვერანაირი პროგრესი და შედეგი ვერ წარმოშვა საქართველოს ხელისუფლების მუშაობამ. ხელისუფლების ხელში რამდენიმე რეალური ზემოქმედების ბერკეტი არსებობს, რომელთა სია ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ესენია: ტყვეთა გაცვლა, უფასო ჯანდაცვის შეზღუდვა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მოხელეებისთვის ან საერთაშორისო წნეხის გაზრდა, დაბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხი.

ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი საოკუპაციო რეჟიმთან მიდის და საქართველოს ფაქტობრივად არაფერი არ რჩება. ამ ვითარებაში ტოტალურად გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს ამ ბერკეტს საქართველოს ხელისუფლება და პირიქით, წლიდან წლამდე უფრო აუარესებს მდგომარეობას“ ,- აცხადებს გიორგი ნონიაშვილი.

„წარმოუდგენელია, თუ რატომ არ ხდება ენგურჰესი საოკუპაციო რეჟიმზე პოლიტიკური წნეხის საფუძველი“, – ამბობს აკაკი ბობოხიძე. 

მისი თქმით, ამ ვითარებაში, როცა აფხაზეთის მომარაგების ერთადერთი წყაროა ენგური, წარმოუდგენელია, თუ რატომ არ ხდება ეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხის საფუძველი ირაკლი ბებუას გათავისუფლების, ან სხვა მნიშველოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ ხედვას, თუ რატომ და რა ინტერესის გამო მოხერხდა საქართველოს სასარგებლოდ 60-40-ზე წილის ცვლილება, ისე, რომ დღეს მთელი წილი ახლა აფხაზეთში მიდის, თან ისე, რომ ეს არის უფასო ოკუპანტებისთვის და მაგ ენერგიიდანაც ძალიან მცირე ნაწილი მიეწოდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. 

საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გაგვცეს ორ რამეზე, ერთი – ამ ვითარებაში რატომ არ ხდება ენგურჰესის ბერკეტის პოლიტიკურად გამოყენება და მეორე – რანაირად მოხერხდა, რომ ენგურჰესი საქართველოს ენერგოსისტემისთვის პრაქტიკულად განულებულია, როცა ის წარმატებით მუშაობს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის”, – აცხადებს ბობოხიძე.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში (EUMM) დაგმო ძალის გამოყენება და გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება „სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი“.

„რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ“, — ნათქვამია მისიის განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი