ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმის თანახმად, კირბალთან გატაცებული ლევან დოთიაშვილი დაჭრილი არაა

6 ნოემბერი, 2023 • 1451
საოკუპაციო რეჟიმის თანახმად, კირბალთან გატაცებული ლევან დოთიაშვილი დაჭრილი არაა

ერგნეთში დასრულდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ოსური და ქართული მხარეები, რუსეთის საოკუპაციო ძალები და EUMM. შეხვედრა  კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხებოდა.

შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

მისი თქმით, ქართული მხარე ითხოვს დაკავებულ და ცხინვალში გადაყვანილ ლევან დოთიაშვილის დაყოვნებლივ გათავისუფლებას. ლევან დოთიაშვილი და თამაზ გინტური ერთად მიდიოდნენ ლომისის ეკლესიაში, რა დროსაც მათ რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. ირაკლი ანთაძის განცხადებით, გინტური ოკუპანტებმა მოკლეს.

რაც შეეხება დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ანთაძის თქმით, შეხვედრაზე უთხრეს, რომ ის დაჭრილი არაა და თავს კარგად გრძნობს, თუმცა თბილისი მის დაუყოვნებლივ გადმოცემას ითხოვს და სურს თავადაც დარწმუნდეს ამაში.

გარდა ამისა, ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნაა დამნაშავეთა დასჯა, რისი პირობაც შეხვედრაზე დადეს. რაც შეეხება მკვლელების თბილისისთვის გადმოცემის მოთხოვნას, ანთაძის თქმით, ყველასთვის ნათელია, რა პოზიცია ექნება ამაზე რუსეთს [ნეგატიური].

ანთაძის თქმით, შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ ინციდენტი მოხდა ეკლესიასთან, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. მისივე თქმით, ასევე უცნობია, ჰყავს თუ არა შემთხვევას სხვა თვითმხილველებიც.

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბალელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მკვლელობა მოხდა სოფელ კირბალთან ახლოს მდებარე ლომისის ეკლესიასთან. ეს ტაძარი ოკუპირებულ ტერიტორიებში ექცევა და რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მასთან მიახლოებას უკრძალავენ. მიმდინარე წლის ზაფხულში ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩამოხსნა. მოკლული და გატაცებული, სავარაუდოდ, ეკლესიაში მოსალოცად მიდიოდნენ.

 

მთავარ ფოტოზე: მარცხნივ — ლევან დოთიაშვილი; მარჯვნივ — თამაზ გინტური

მასალების გადაბეჭდვის წესი