ახალი ამბები

პუტინი პრეზიდენტად 2024-შიც იყრის კენჭს – „როიტერსი“

6 ნოემბერი, 2023 • 1128
პუტინი პრეზიდენტად 2024-შიც იყრის კენჭს – „როიტერსი“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს, იუწყება „როიტერსი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით და აღნიშნავს: დასავლეთში მიიჩნევენ, რომ იგი ხელისუფლებაში დარჩენას სიცოცხლის ბოლომდე გეგმავს.

„გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს იყრის“, – უთქვამს „როიტერსისთვის“ ერთ-ერთ წყაროს. კრემლში ამ საკითხის კომენტირება არ ისურვეს, თუმცა სექტემბერში პუტინის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს ნათქვამი აქვს, რომ თუ პუტინი კენჭს იყრის, წინააღმდეგობას მას ვერავინ გაუწევს.

საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში 2024 წლის 17 მარტს ჩაატარებენ. 71 წლის პუტინის სავარაუდო კონკურენტები იქნებიან ე.წ „სისტემური ოპოზიციიდან“ – ფორმალურად ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც კრემლის დაშვებულ საზღვრებში მოქმედებენ. ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინის რეჟიმსა და უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, ან ციხეში არიან, ან ემიგრაციაში.

„მედუზა“ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილია, პუტინის კონკურენტები 50 წელზე უმცროსნი არ უნდა იყვნენ, ხოლო 80%-ზე მაღალი მხარდაჭერის გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნებზე ხალხის რეკორდულად მაღალი დასწრების უზრუნველყოფაც აქვს განზრახული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.

გამარჯვების შემთხვევაში, პუტინი 2030 წლამდე დარჩება პრეზიდენტად, ხოლო 2020-ში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად განულებული საპრეზიდენტო ვადების გამო, 2030 წელსაც შეეძლება კენჭისყრა.

პუტინი პირველად  2000 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. იქამდე პრემიერის პოსტს იკავებდა და ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 2008 წელს, კონსტიტუციური შეზღუდვის გამო, პუტინი დიმიტრი მედვედევმა ჩაანაცვლა, თუმცა წინამორბედი პრემიერად დანიშნა და 2012 წელს პრეზიდენტობაც დაუთმო. პუტინი მორიგ ვადაზე 2018-ში აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი