თურქეთის პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი პროპალესტინური მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც „ინჯირლიკის“ ავია ბაზაზე შეჭრას ცდილობდნენ.
ინციდენტი წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტს თურქეთში.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, საპროტესტო აქციების კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებმა გაარღვიეს ბარიკადები და მოხდა შეტაკება პოლიციასთან. მომიტინგეები სამართალდამცველებს ესროდნენ პლასტმასის სკამებს, ქვებს და სხვა ნივთებს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა აქცია.
კვირის დასაწყისში IHH ჰუმანიტარული დახმარების ფონდმა, ისლამისტურმა თურქულმა საქველმოქმედო სააგენტომ, უზრუნველყო კოლონის გამგზავრება „ინჯირლიკის“ საჰაერო ბაზაზე ადანის პროვინციაში, სამხრეთ თურქეთში, რათა გაეპროტესტებინა ისრაელის თავდასხმები ღაზაზე და შეერთებული შტატების მხარდაჭერა ისრაელისთვის.
„ინჯირლიკი“ არის სამხედრო ავიაბაზა ანკარის სამხრეთით, რომელიც ამერიკელების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენდა. თურქეთის გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საჰაერო ძალებმა ახალი ბაზის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებას 1954 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. ბაზის ძირითადი მომხმარებლები ამ დროისთვის შეერთებული შტატებისა და თურქეთის საჰაერო ძალები არიან, თუმცა მას ზოგჯერ იყენებენ გაერთიანებული სამეფოსა და საუდის არაბეთის საჰაერო ძალებიც.
IHH-ის პრეზიდენტმა ბულენ ილდირიმმა სიტყვით მიმართა ადანაში შეკრებილ ხალხს და მოუწოდა მათ, თავი შეიკავონ პოლიციაზე თავდასხმისგან.
„მეგობრებო, არასწორია ქვების სროლა ან მსგავსი რამის გაკეთება, რადგან პოლიციელები და ჯარისკაცებიც ისურვებდნენ, წასულიყვნენ ღაზაში და ებრძოლათ, და წავლენ კიდეც, როდესაც დრო დადგება. ჩვენ ძალიან გაბრაზებული ვართ. მაგრამ თურქეთი აკეთებს იმას, რაც შეუძლია“, — თქვა მან.
„ინჯირლიკი“ არის სამხედრო ავიაბაზა ანკარის სამხრეთით, რომელიც ამერიკელების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენდა. თურქეთის გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საჰაერო ძალებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი გამოყენების შეთანხმებას ახალი ბაზის შესახებ 1954 წლის დეკემბერში.
ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი არაერთი აქცია გაიმართა. ანკარა აცხადებს, რომ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, აკრიტიკებს ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების გამო, ამავდროულად, მასპინძლობს „ჰამასის“ წევრებს თურქეთში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ის განმათავისუფლებელი ჯგუფია“.
გარეკანის ფოტო ეკუთვის სააგენტო „როიტერსს“
